2021 წელს ყველაზე პოპულარული თემა ისევ კორონავირუსი და პანდემია იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მედიაში ყვითელი და სკანდალური ამბები არ გვაკლდა. რამდენიმე თემამ თავისი აქტუალურობით პანდემიაც კი გადაფარა. შევეცადეთ შეგვეკრიბა გასული წლის ყველაზე პოპულარული ამბები, რაზეც საზოგადოება ყველაზე დიდხანს საუბრობდა...
ბესო ზანგური და ნინუცა მაყაშვილი
გამორჩეულად სკანდალური წელი ორი მსახიობის, ბესო ზანგურისა და ნინუცა მაყაშვილის ცხოვრებაში გახლდათ. ნინუცამ ია ფარულავას გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ყოფილი მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა. მართალია, წყვილი 11 წლის წინ დაშორდა და საერთო შვილი ჰყავთ, ნინუცას აღიარებას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე კვირის მანძილზე მედიაში უამრავი გადაცემა მიეძღვნა მომხდარს, კომენტარები გააკეთეს ცნობილმა სახეებმა, ზოგმა თავადაც აღიარა, რომ ისინიც იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. ბესო ზანგური რუსთაველის თეატრმა ყველა როლიდან მოხსნა.
მიხეილ სააკაშვილი და ლიზა იასკო
შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის ექსპრეზიდენტის მოულოდნელი დაბრუნება საქართველოში და შემდეგ მისი დაკავება. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების ღამეს კი საზოგადოებას კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა: უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სააკაშვილი ამბობდა, რომ ის და ლიზა იასკო უკვე დიდი ხანია ერთ ოჯახად ცხოვრობენ. მომხდარზე კომენტარი გააკეთა ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა. მედიამ კითხვები დაუსვა მიხეილ სააკაშვილის მშობლებსაც. აღმოჩნდა, რომ ექსპრეზიდენტის ახალი გატაცების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დღეს ლიზა უკვე სააკაშვილის დედის გვერდით ჩნდება და მედიაში მას ექსპრეზიდენტის ცოლად მოიხსენიებენ.
ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა
წლის ყველაზე სკანდალური წყვილი აღმოჩნდა ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას წყვილი. კოდუა გაზაფხულზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ის მეუღლესა და შვილს ფიზიკურად გაუსწორდა. მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს, რამდენიმე თვეში კი მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში პირველად თქვა, რომ მისი საყვარელი მამაკაცი დავით კოდუა იყო და მასთან ჯვრისწერასაც აპირებდა. მალე ალექსანდრა ექვსი თვის ორსული აღმოჩნდა და წყვილს ერთი თვის წინ საერთო შვილი, გოგონა შეეძინა.
მიშა ანდღულაძის პირადი
"კომედი შოუს" მსახიობმა წელს წიგნი დაწერა, მაგრამ რომანზე პოპულარული მისი პირადი ცხოვრება აღმოჩნდა. ანდღულაძემ ჯერ ოჯახურ ძალადობაზე ისაუბრა, როგორ უსწორდებოდა მისი ძმა ფიზიკურად მამამისს, მოგვიანებით კი ერთ-ერთ გადაცემაში ყოფილ ცოლთან დაშორებაზე სკანდალური განცხადებები გააკეთა. იუმორისტმა ღიად ილაპარაკა, რომ ცოლი ღალატობდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება თავიდანვე ჰქონდათ დადებული, ამას ძალიან განიცდიდა. სკანდალი ამით არ დასრულებულა და მოგვიანებით მედიაში იუმორისტის ძმისა და დედის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ისინი ჰყვებიან, მიშა თვითონ ღალატობდა ცოლს. წყვილს ერთი საერთო შვილი - 12 წლის ვაჟი ჰყავს.