მოდელი ლალი ტოტიკაშვილი ოჯახთან ერთად თბილისში, საბურთალოზე ცხოვრობს, თუმცა წელს აგარაკი ზედა ლისზე აიშენეს და პირველი ზაფხული გაატარეს იქ. „შინ“ ლალის ეწვია, რათა მისი საზაფხულო „რეზიდენცია“ მკითხველისთვისაც ეჩვენებინა.
- თბილისთან ახლოს გვინდოდა აგარაკი და ზედა ლისი შევარჩიეთ. კარგი ჰაერია, კარგი დასახლებაა და ქალაქთანაც ახლოსაა, საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეიძლება აქედან სამსახურში სიარული. ჯერ ბევრი დეტალი ისევ დასასრულებელია, მოწყობის პროცესში ვართ. ძირითადი და აუცილებელი რაც იყო, გავაკეთეთ, რომ ზაფხულში შეგვძლებოდა ამოსვლა. ნელ-ნელა დანარჩენ წვრილმანებსაც მივხედავთ.
ისე გამოვიდა, რომ კოვიდს აქ „ვემალებით“, იზოლირებული ვართ მთელი ზაფხული. ძალიან გვიყვარს სტუმრები, მაგრამ ჯერ მეგობრებიც კი ვერ მივიღეთ არსებული სიტუაციის გამო.
სახლი ორსართულიანია და მოიცავს მისაღებისა და საძინებლების სართულს.
- მიწის ნაკვეთის შეძენის შემდეგ სახლი პროფესიონალებს დავაპროექტებინეთ და აშენდა კიდეც. მე უკვე მაშინ ჩავერიე, როცა ინტერიერზე მიდგა საქმე. დიზაინერი არ მყოლია, ჩემი გემოვნებით გავაკეთე.
ისევე, როგორც თბილისის სახლში, ლალის აგარაკზეც სადა ფერებისთვის მიუნიჭებია უპირატესობა. პირველ სართულზე გამოყენებულია თეთრი, ნაცრისფერი და ბუნებრივი ხისფერი.
- ღია ფერები მომწონს, ყოველთვის კომფორტული და მისაღებია, თან იძლევა საშუალებას, აქცენტი მკვეთრი დეტალებით გაკეთდეს.
მისაღებში დგას რბილი დივანი, დიდი მაგიდა სტუმრებისათვის და ტელევიზორი. საპატიო ადგილს იკავებს ბუხარიც.
- მისაღები ოჯახის თავშეყრის მთავარი ადგილია. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევარჩიეთ ავეჯი და ერთად ვიღებდით გადაწყვეტილებებს ინტერიერის მოწყობაზე. ბუხარს უკვე აქვს ფუნქციური დატვირთვა და შემოდგომის გრილ დღეებში ალბათ უფრო სასიამოვნო იქნება მისი გამოყენება.
პირველ სართულზე სამზარეულო და მისაღებია განთავსებული. მისაღები სტუდიოს ტიპისაა, თუმცა ეს ორი „ოთახი“, რომლებსაც არც ტიხარი აქვს და არც გამყოფი კარი, ერთმანეთისგან მაინც განცალკევებულია.
სამზარეულოში მუქი ნაცრისფერი და ბუნებრივი ხისფერია გამოყენებული და ისე ეხამება ეს ტონები იატაკს, რომ ერთიანობაში ეფექტურ სივრცეს ქმნის.
- სამზარეულო ცალკე არ არის გამოყოფილი, მაგრამ მისსავე ნაწილში გვაქვს მოწყობილი სასადილო კუთხე - მრგვალი მაგიდა სავარძლებით. კომფორტულია სამზარეულო საფუსფუსოდ. ამ სახლის არც ერთ დეტალზე ჯერ არ მითქვამს, რომ ამას შევცვლიდი. რაც გავაკეთეთ, მომწონს და კარგად ვიყენებ.
დაათვალიერეთ ფოტოები