ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც საკუთარ ფოტოებს, ისე მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, მარიკა ბაკურაძე ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე იყო. განქორწინების შესახებ მათ საჯაროდაც არაერთხელ ისაუბრეს, ამჯერად კი მარიკა ჟურნალ "თბილისელებთან" საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს:
„წლების განმავლობაში, შეიძლება ათი წელიც, ვუმტკიცებდი საკუთარ თავს, რომ მე ყველაფერი შემეძლო. მათ შორის, ბავშვებთან ერთად მუშაობა, გადაღებებზე მათი წაყვანა, მათთვის არაფრის მოკლება, მანქანაში ბავშვებთან ერთად ცხოვრება, თუ ეს საჭირო იყო, ცალი ხელით მანქანის მართვა და მეორით ბავშვისთვის ხაჭოს ჭმევა. ამ ათწლიანმა მტკიცებამ, რამდენადაც გამაძლიერა, იმდენად წაიღო ჩემი ენერგია. ახლა მე დიდი შვილები მყავს, დამოუკიდებლები არიან, ყველაფერი იციან და აქვთ. შეუძლიათ მთელი დღე მარტო იყვნენ და ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ, ეს არის ჩემი ათწლიანი შრომის შედეგი, მაგრამ იმდენად დაღლილი ვარ, ძლიერების მტკიცების პროცესში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად შეილახა, რომ ახლა საერთოდ აღარაფრად მიღირს, ვინმეს რამე ვუმტკიცო. რომ მესმის, ქალი ძლიერი უნდა იყოსო, ვფიქრობ, ხანდახან ძალიან დამღლელია, იყო ძლიერი…“ - აღნიშნა მან.