მომღერალი და ტეელწამყვანი თათა გიორგობიანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას ხშირად აქვს საკუთარ გამომწერებთან კომუნიკაცია, უზიარებს მათ ფოტოებსა და ვიდეოებს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს. ამჯერად კი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანმა ცვლილებების მიღება უნდა მოახერხოს: „რაც უფრო მეტად ვიზრდებით, მით უფრო მეტად ვეჩვევით ერთხელ გათავისებულ წარმოდგენებს და ჩვენში ჩადებულ შაბლონებს. ეს გვაძლევს (ილუზორულ) რწმენას საკუთარ სიმართლეში და ჩვენი გარესამყაროს შესახებ წარმოდგენის შეუმცდარობაში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მის უცვლელობაში. როგორია სინამდვილეში ეს სამყარო და როგორ იცვლება იგი, ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლებად გვაინტერესებს და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად ვიწყებთ საკუთარი წარმოდგენების სამყაროში ცხოვრებას, და ამაყად ვუწოდებთ მას „გამოცდილებას“, რომელიც სინამდვილეში წინ გვეღობება ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვხვდებით.
რა თქმა უნდა, ყოველთვის უფო ადვილია ძველ შაბლონებზე დაბრუნება, მათ ხომ იმდენჯერ გვიხსნეს შორეულ, და ხშირად არც ისე შორეულ წარსულში. მაგრამ ამის შედეგიც კანონზომიერია: ცხოვრება უფრო და უფრო გვღლის თავისი მონოტონურობით, ერთსა და იმავე წრეზე გვატრიალებს, სანამ გაკვეთილს არ ავითვისებთ. სასიხარულო აღარაფერი გვრჩება, და მთავარ განწყობად მოწყენილობა რჩება. ახალი, ნამდვილი ცხოვრება მაინც იჭრება ჩვენი ჩვეული წარმოდგენების სამყაროში და გვაიძულებს, რომ მორიგი კრიზისი განვიცადოთ და იმ ძველი შაბლონების ჩარჩოები დავანგრიოთ, რომლებიც ვერანაირად ვერ ესადაგებიან ამ ახალ ცხოვრებას.
ყველაზე დიდი უნარი ესაა, იყო მუდმივად ცვალებადი (ამ სიტყვის კარგი გაგებით), განვითარებადი; აანალიზებდე, რომ ნებისმიერი საყრდენი და ამოსავალი წერტილი, წესი, ტრადიცია, შეხედულება, ფასეულობა შეიძლება ნებისმიერ წამს შეიცვალოს და ატრიალდეს. მედალს ორი მხარე აქვს, სამყაროს კი უამრავი.... სწორედ ამდენივეა ხედვის პერსპექტივა.
ამიტომ, აუცილებელია იყო დრეკადი და ჩარჩოების მსხვრევას არ შეეწირო, იყო მიმღებელი სიახლეებისა და ამასთანავე, არ დაკარგო "მე". არ დემორალიზდე, არამედ პირიქით, გაამდიდრო შენი "მე", გაზარდო თავი, თითქოს საკუთარი დედაც, მამაც და ყველაფერი თავისა შენ თავად ხარ” - წერს თათა გიორგობიანი.