„ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო, მეგონა, კედლები გასკდებოდა… მეშინია, არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო…“ - რა ისტორიას იხსენებს დალი ჩიტალაძე - Marao

„ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო, მეგონა, კედლები გასკდებოდა… მეშინია, არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვაო…“ - რა ისტორიას იხსენებს დალი ჩიტალაძე

2022-03-04 13:34:00+04:00


მოდის ექსპერტი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და სოხუმის დაცემასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს:

ამ დაძაბული ჟამიანობის დროს მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელმაც დიდი სევდა დამიტოვა და უკვე თითქმის 32 წელია, რამდენჯერაც გამახსენდა, იმდენჯერ ცრემლები მახრჩობს… ეს იყო სოხუმის დაცემის მერე... უამრავი დევნილი თბილისს მოაწყდა… ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა მთხოვა, სატუმრო “ივერიაში” უახლოესი დევნილი ოჯახი დასახლდა და სურსასათ-სანოვაგე და აუცილებელი პირველადი დახმარების ნივთები ერთად მიგვეტანა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი და ვეწვიეთ დატვირთულები. კარები გაგვიღო ულამაზესმა შავებში ჩაცმულმა დარბაისელმა ქალმა, სევდიანი ღიმილით გაგვიღიმა და მადლობებით მიგვიპატიჟა. სასტუმროს ნომერში კიდევ მისი მეუღლე და რამდენიმე დევნილი იყო. საზარელი ისტორიები მოვისმინე. ისე ჰყვებოდა თავისი შვილების დაღუპვას, რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მისი მეუღლე კი გაქვავებული იდგა და ძალიან ბევრს ეწეოდა და არც ერთხელ არ გამოუხედავს... ყველაზე დიდი კულმინაცია იყო ის, რომ შვილმკვდარმა დედამ ბოლო წინადადება მითხრა: ყველაზე დიდი უბედურება, იცი, რა არის? სახლი რომ იწვოდა, ვერ მოვასწარი, რომ ჩემი ოჯახის ფოტოების ალბომი ამეღო!!!! არც ერთი შვილის და ჩემი ბედნიერი ცხოვრების ამსახველი არაფერი დამრჩაო…!!! ეს თქვა და გამეხებულმა მამაკაცმა ისეთი ტირილი დაიწყო, მეგონა, კედლები გასკდებოდა... ეს ომის საშინელების ამსახველი ერთი ისტორიაა. ახლა, როცა უკრაინას ამდენი დევნილი ჰყავს, ამდენი შვილმკვდარი დედა... გახსენებაც მზარავს. დღეს დედის დღეა. ჩემი ლამაზი დედაც დიდ ტკივილს ატარებს, სახლი ჩემი დიანას და დათოს ფოტოებით აქვს მოჭედილი. სულ საყვედურს ვეუბნები, რად გინდა ამდენი ფოტო ერთად გამოფენილი-მეთქი, ეღიმება… მეშინია, არ დამავიწყდეს მათი ღიმილი და მათი გამოხედვა... რაც დრო გადის, კიდევ უფრო მესმის იმ ტრაგიკული დედის დარდი, რომელსაც არც ერთი ფოტო არ დარჩა გარდაცვლილი შვილების” - წერს დალი ჩიტალაძე.