პოლიტიკოსი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში უკრაინელი მეზღვაურის შესახებ წერს, რომელმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგა:
„7 დღის წინ ჩვენს ოფისში უკრაინელი ბიჭი, ვიტალი მოვიდა. მეზღვაურია.
სანამ ნაოსნობაში იყო და დაბრუნებას მოასწრებდა, მარიუპოლში უეცარი დაბომბვისას დაიღუპა მისი ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა.
კონტაქტზე არ გამოდიოდა, 7-დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს საღამოს მივაგენი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში. გამოკეტილია, არ გამოდის, საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ალკოჰოლს ეტანება.
ვხედავ ჩემ თვალწინ მდგომ ახალგაზრდა, სიმპათიურ, ჯანით სავსე ადამიანს, რომელიც განადგურებულია, მიწასთან გასწორებულია და ყველა სიტყვაზე ტირილს იწყებს.
არ არსებობს სიტყვები, რითაც მისი გამხნევება შეიძლება და არც არაფერი მითქვამს. ვთხოვე, შენი დახმარება მჭირდება და იმიტომ გეძებდი, გთხოვ, ხვალ ფხიზლად იყავი, უამრავი უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდის და უნდა დავეხმაროთ ერთად-მეთქი. რაღაცნაირად, თითქოს გამოფხიზლდა. პირობა მომცა, ვეცდები, ხვალ ფხიზელი ვიყო და დაგეხმაროო.
ახლა მისგან დავბრუნდი შტაბში და გონება არ მიმუშავებს…
როგორი დასასრულიც უნდა ჰქონდეს ამ საომარ ეპოსს, ერთი დანამდვილებით ვიცი, ამ ტკივილის გონებიდან წაშლა გამორიცხულია, ვერაფერი მაიძულებს ოდესმე მინიმალურ დათმობას ან ლმობიერებას მტრისადმი, რასაც პუტინის რუსეთი ჰქვია! პუტინის რუსეთის ნებისმიერი მიმდევარი არის ამ სისხლიანი ჩეხის მონაწილე, რაზეც ყველამ უნდა აგოს პასუხი, ზოგმა სამართლებრივად, ზოგმა პოლიტიკურად, ზოგმა მორალურად, მაგრამ ყველამ უნდა ზღოს თავისი საფასური!
რუსეთი არის მტერი, უპირობოდ, უსიტყვოდ, მაგრამების გარეშე და მისგან თავი უნდა დავიხსნათ, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც.
ბრაზი მახრჩობს, მაგრამ ვიცი, ეს ბრაზი საით მივმართო.
სიკვდილი მტერს!
დიდება გმირებს!”,
“პირველი, რაც გააკეთა შეხვედრისას, დაიხარა და ხელით მაჩვენა თავისი შვილის სიმაღლე და ისტერიკულად იმეორებდა: ,,ამხელა იყო, როგორ მოკლეს!?”
როგორ უნდა ეპატიოთ” - წერს ირაკლი კუპრაძე.