ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის ფინალისტებს შორის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში დასახელდა რატი რატიანის (ნინო სურამელაშვილის) „მკვლელობა სადგურის უბანში“, რომელსაც ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს.
ცოტა ხნის წინ მკითხველს საშუალება მიეცა, ნინო სურამელაშვილის პირველი რომანი „რომეო იცინოდა“ წაეკითხა, რომელიც ადამიანის გრძნობებსა და იმ მძიმე სოციალურ პრობლემებს ეხება, რაც ჩვენმა ქვეყანამ 90-იანი წლებიდან გამოიარა.
უფრო დეტალურად, რას ნიშნავს „საბას“ ფინალისტობა და რის შესახებ არის მოთხრობები, ავტორს, ნინო სურამელაშვილს ვესაუბრეთ:
- რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც ავტორისთვის, „საბას“ პრემიის ფინალისტობა?
- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მნიშვნელოვანი და მთავარი ლიტერატურული პრემია საქართველოში და რა თქმა უნდა, ერთგვარი აღიარებაა, რომ მისი ფინალისტი ხარ. მე უკვე მეორედ ვარ „საბას“ ნომინანტი.
პრემიის ფინალისტებს შორის მოხვედრა მკითხველში ავტორის პოპულარობის გაზრდას უწყობს ხელს, რადგან როგორც წესი, პრემიებზე წარდგენილ წიგნებს, ნომინანტებს და მით უმეტეს, ლაურეატებს, უფრო მეტი ადამიანი კითხულობს, მეტ ხალხს აინტერესებს და ეს ძალიან კარგია.
- ვინ არიან თქვენი მოთხრობების გმირები, როგორი ადამიანები არიან და როგორ ვითარდება მათ გარშემო მოვლენები?
- „მკვლელობა სადგურის უბანში“ არის ძალიან ეკლექტიკური კრებული. ზოგი არის ავტობიოგრაფიული მოთხრობა, ერთი ყველაზე დიდი მოთხრობა დეტექტივის ჟანრშია, და როგორც დათო გაბუნია იტყოდა, ურბანული პროზაა.
მე თვითონ ვარ საკმაოდ ბევრი მოთხრობის პერსონაჟი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთხრობა ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცვლილი და დამუშავებულია.
- თქვენ უკვე საკმაოდ ცნობილი ავტორი ხართ, როგორია მკითხველის უკუკავშირი თქვენი შემოქმედების მიმართ?
- მკითხველის უკუკავშირს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან სწორედ მისთვის ვწერ. ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველის შეფასება და ყოველთვის მიხარია ხოლმე, ვინმე თუ თავის მოსაზრებას მეტყვის, მომწერს. ეს ჩემთვის, როგორც ავტორის განვითარებისთვისაც კარგია და პლუს, კიდევ სასიამოვნოა, რომ კითხულობს.
- ცოტა რამ თქვენ შესახებ უამბეთ მკითხველს...
- წერა არის ჩემი ძირითადი საქმიანობა და საკმაოდ ადრე დავიწყე, სადღაც 16 წლის ასაკიდან. პირველი მოთხრობები როცა გამოქვეყნდა, მაშინ გამოდიოდა ჟურნალი „ალტერნატივა“, რომლის რედაქტორიც შოთა იათაშვილი იყო. ძალიან კარგი ჟურნალი იყო, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, დაიხურა და მისი მემკვიდრე გახდა „ახალი საუნჯე“.
მე ვარ „პალიტრა L-ის“ პროექტის, „ლურჯი ოკეანის“ მიერ გამოცემული ერთ-ერთი რედაქტორი. ძალიან საინტერესო პროექტია და ბევრ მრავალფეროვან წიგნს გამოსცემს.
R