მსახიობმა თამარ მაყაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს განაცხადა, რომ არ მოსწონს, როცა ბავშვებს ჭრელ კაბებს აცმევენ და შედარება ტრადიციულ აჭარულ, ბეშუმურ კაბასთან გააკეთა. ამ განცხადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბათუმის თეატრმა კი, სადაც თამარ მაყაშვილი მუშაობს, მსახიობი მიმდინარე სპექტაკლებიდან მოხსნა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილი:
"ხულოელი ბავშვებიც მიყვარს, ბეშუმელიც, ადიგენელიც და აფრიკელიც, მაგრამ ვისაც ვინმეზე არ დაგიცინიათ, გამობრძანდით და პირველი ქვა თქვენ ესროლეთ თამარ მაყაშვილს.
ამდენი წელია არ იცნობთ ამ ქალს? არ იცით, რომ რაც თავში მოსდის, ეგრევე ლაპარაკობს, ხუმრობს? და არ იცით, რომ ბოროტი და ცინიკოსი ქალი არ არის? თან ათასი ბოდიში მოიხადა ქალმა!!! ასეთი ანგელოზები საიდან დაიბადეთ?? როგორც ვატყობ, ისეთი სუფთა ენები და სულები გაქვთ, რომ ჯოჯოხეთში მარტო მე და თამრიკო მოვხვდებით! ოჰ, რა დამპალი ხალხი ვართ! აქ არ შემომიხტეთ ახლა ეს ნეო-ქართველები, თორემ ზრდილობის არსებობას დავივიწყებ!“
უფლებადამცველი ანა არღანაშვილი:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ. სინამდვილეში, თუ გულწრფელად წუხს ადამიანი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დასჯა. თამარ მაყაშვილის როლიდან მოხსნით, მისი საზოგადოებისთვის ნათქვამი ბოდიში არაფრად მივიჩნიეთ და ისევ გარედან მოხვეული სასჯელის პოლიტიკა ავირჩიეთ. არადა, საზოგადოება უფრო განვითარებულია, როდესაც ადამიანები შინაგანი წესებს ემორჩილებიან და გარედან შემზღუდავი კანონები აღარც ესაჭიროებათ.“
მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი:
“ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! უსამართლობაა, რაც ახლა მის წინააღმდეგ ხდება… ოქროს ადამიანია, პროფესიონალიზმზე რომ აღარ ვისაუბროთ.. ან რად უნდა ამას საუბარი, ყველა დამერწმუნება, ვინც მას ახლოს იცნობს... ძალიან ბევრს გვიყვარხარ და გვერდში გიდგავართ!
პ.ს. ადამიანი ბოდიშს იხდიდეს და ამის მიუხედავად მის მიმართ ასეთი მიუტევებლობა და სიძულვილი გახრჩობდეს, აი, ესაა სწორედ არაადამიანობა...”
ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე:
„არ ვარ თამარ მაყაშვილის გულშემატკივარი, უფრო მეტიც, მისი გამოჩენა ეთერში ჩემთვის ნიშნავს ხმაურს და უაზრო ლაპარაკს. ის სიტყვებიც მაშინვე მომხვდა ყურში და არ ვიცი, რა დავარქვა… ახლა ტელევიზორში ისეთი ხალხი ჩანს, თამარ მაყაშვილი კი არა, აგერ, ბიბი თუ ბაბი გახდა უცებ ნანი ბრეგვაძე… სრული აღრევა გვაქვს ყველაფერში…. და მაინც, საზოგადოებამ აიძულა – გაითავისა თუ არ გაითავისა, ბოდიში მაინც მოიხადა. და ეს სწორი იყო საზოგადოების მხრიდანაც და მისგანაც. ანუ თავის საქციელზე პასუხი აგო. ამის მერე გაცილებით უფრო მეტად დაუკვირდება თავის სიტყვებს და სხვებისთვისაც იქნება ეს მაგალითი. მაგრამ, ხალხო, სპექტაკლიდან მოხსნა რა უბედურებაა… გადაირიეთ. ეს უკიდურესობები, ეს რაღაც სახალხო სასჯელები, დავხვრიტოთ ბარემ, ან გავაციმბიროთ.“
რეჟისორი განო მელითაური:
"აღშფოთებულო ბულ-ერო! ფსკერს ქვემოთ ხართ ყველა, ვისაც ამაში წვლილი გაქვთ! ალბათ მეცხრე ცაზე ხართ, რომ ადამიანმა სამსახური დაკარგა!
100%-იანი მხარდაჭერა მთელ თქვენს ულამაზეს ოჯახს!
ფ ს კ ე რ ი“.
პროდიუსერი ნატო დუმბაძე:
„გაოგნებული ვარ მართლა, არ გამიკვირდება, კოცონი დაანთონ და დაწვან. ეს რა უბედურებაა, მართლა რა ხდება? ერთი უწყინარი ხუმრობის გამო თამარ მაყაშვილს რა დღე დააყარეს, კომპარტიაა თუ რა ხდება. აჭარაზე და აჭარლებზე ვგიჟდები, მაგრამ ეს რა დამოკიდებულებაა, მართლა არ მესმის! გარიცხეს ანუ თეატრიდან? მეტს კი არაფერს აკეთებდნენ კომუნისტები! მე მაპატიეთ, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია! თუ შეეშალა, ბოდიშიც მოიხადა!
თამარ მაყაშვილი, მიყვარხარ ჩემო ოქრო, ეს ისტორიაში ჩაიწერება!“