9 აპრილს გადაღებულ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოზე გამოსახული ქალის ვინაობა, ალბათ, ბევრმა უკვე იცის. იური მეჩითოვის მიერ გადაღებულ, 1989 წლის 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეულ ფოტოზე საქართველოს დროშით ხელში გამოსახული ლამაზი და იდუმალი გოგონა ნანა მახარაძეა, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში ემიგრაციაში იყო წასული: "იტალიაში კი არ ვცხოვრობ, არამედ არც კი ვარსებობ" - ამბობდა ის. როგორც მისი "ფეისბუკგვერდიდან" ირკვევა, ის სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახთან ერთადაა:
„დილა მშვიდობისა, საქართველო. 11-წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დავბრუნდი… უბრალოდ ,,ჩავაბარგე" მთელი იტალია … ყოველი გავლილი წელი, დღე, წამი… და სახლში დავბრუნდი… ვერ გიპასუხებთ, რას ვგრძნობ… უბრალოდ შ ი ნ ვარ…ჩემს შვილთან, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ემოციებს გაიგებენ ადამიანები, ვინც ,,შინ" დასაბრუნებელი გზების გავლას წლები ანდომებენ. მადლობა, იტალია. შენ მუდამ იქნები ჩემი სიყვარული. გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო.
P.S. ცოტა მივიხედ-მოვიხედავ და იმედია, ვიპოვი ჩემს ადგილს. თუმცა, მეგობრებო, ნებისმიერ საქმიან შემოთავაზებას განვიხილავ“, – წერს ნანა მახარაძე.