გუშინ ბუკინგემის სასახლეში დედოფლის მიერ ორგანიზებული ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული შეხვედრა გაიმართა, სადაც დედოფლის მარჯვენა ხელმა და პრინც უილიამის ნათლიამ, ლედი სუზან ჰასიმ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
აღმოსავლეთ ლონდონის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის დირექტორმა ნგოზი ფულანმა, რომელიც სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა, საკუთარ twitter-ის გვერდზე შემაშფოთებელი საუბარი გაამხილა, რომელიც მას ლედი სუზანთან შეხვედრისას ჰქონდა.
„ბუკინგემის სასახლეში სტუმრობისას, ლედი სუზან ჰასი მომიახლოვდა, თმა გადამიწია და ჩემს სამკერდე ნიშანს დააკვირდა. მკითხა, თუ საიდან ვიყავი და როცა ვუპასუხე, რომ ლონდონიდან, გაოგნება არ დაუმალავს, რადგან შავკანიანი ვარ. დაჟინებით მთხოვდა მეთქვა, აფრიკის რომელი ნაწილიდან ვიყავი“- აღნიშნა ფულანმა საკუთარ twitter-გვერდზე.
შემთხვევას მალე გამოეხმაურა ბუკინგემის სასახლე: „ჩვენ ამ ინციდენტს უკიდურესი სერიოზულობით ვეკიდებით. ვაღიარებთ, რომ საკმაოდ მიუღებელი და ღრმად სამწუხარო კომენტარები გაკეთდა. ნგოზი ფულანს უკვე დავუკავშირდით და სასახლეში ვიწვევთ, რათა შემთხვევის ყველა დეტალი პირადად განვიხილოთ“ - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.