"ბათუმელები" სამი შვილის დედის, 28 წლის ლეილა ვანაძის ისტორიას აქვეყნებს, რომელმაც სკოლის დამთავრება, სწავლის გაგრძელება და საკუთარი თავის განვითარება გადაწყვიტა:
„რეგიონებში მსოფლმხედველობის პრობლემა გვაქვს. ქალებს ჰგონიათ, რომ არ აქვთ უფლება განათლება მიიღონ, იმუშაონ და ა.შ. თუ მე და კიდევ რამდენიმე ჩემნაირი [ქალი] ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ საკუთარი თავის აღმოსაჩენად, საზოგადოებაში ადგილის დასაკავებლად, მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სტიმული, წახალისება იქნება სხვა ქალებისთვის, რომლებიც სახლში სხედან, შვილები ჰყავთ და ჰგონიათ, რომ შვილებზე ზრუნვის იქეთ აღარაფერი ევალებათ, აღარაფერი სჭირდებათ“, – გვეუბნება 28 წლის ლეილა ვანაძე ხულოდან. ლეილას 8, 7 და 3 წლის შვილები ჰყავს.
სკოლაში სწავლის შეწყვეტა მომიწია. მეცხრე კლასიდან ვარ გამოსული. გადავწყვიტე, საკუთარი კარიერისა და განათლებისთვის მიმეხედა. წელს ექსტერნად ჩავაბარე სკოლის გამოცდები ატესტატის ასაღებად. არ გამჭირვებია, უცხო ენასა და ისტორიაში ვემზადებოდი“, – გვიყვება ის და თავს აქტიურ, კომუნიკაციისა და მრავალფეროვნების მოყვარულ ადამიანად ახასიათებს, რომელიც მუდმივად სახლში ყოფნით, ნაჭუჭში ჩაკეტვით დაიღალა. ჩავთვალე, ჩემი შვილები უკვე იმ ასაკის არიან, რომ მე შემიძლია გავუმკლავდე. ვიზრუნო მათზე და ასევე, საკუთარ განათლებაზე, განვითარებაზე.
პროფესია თუ მექნება, უფრო მეტად შევძლებ ჩემს შვილებს განათლების მიღებაში, სწორი გზის პოვნაში დავეხმარო. იყო რეპლიკები: რაღა დროს შენი სწავლაა, ბავშვებს მოაკლებ ხელს, შენ უნდა ისწავლო თუ ბავშვებს უნდა ასწავლო და ა.შ. ჩემი მეუღლე ყოველთვის მხარში მედგა და სტიმულს მაძლევდა, რომ, აი, შეგიძლია და აუცილებლად გააკეთებ იმას, რაც გაქვს მიზნად. პირველი ნაბიჯები რომ გადავდგი და სწავლა გავაგრძელე, მისი დამსახურებაა“, – ამბობს ლეილა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge