"ბურთს ძველი გაზეთებისგან აკეთებდა, რადგან ოჯახს მისი ყიდვის საშუალება არ ჰქონდა" - პელე: ლეგენდები არ კვდებიან - Marao

"ბურთს ძველი გაზეთებისგან აკეთებდა, რადგან ოჯახს მისი ყიდვის საშუალება არ ჰქონდა" - პელე: ლეგენდები არ კვდებიან

2022-12-30 18:44:14+04:00


„ის ჩამოყალიბებული ადამიანი არ არის და წარმატების მისაღწევად მებრძოლი სული არ გააჩნია“ - ასე ახასიათებდა ბრაზილიის ნაკრების ფსიქოლოგი, მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის ახალბედა ფეხბურთელს, ხოლო შემდგომში ლეგენდად ქცეულ პელეს.

პელე - სახელი, რომელიც ფეხბურთის მოყვარულების სმენას არასდროს გამოეპარება. ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, ბევრმა გულშემატკივარმა დაიწყო მისი ბრწყინვალე კარიერის გახსენება. კარიერის, რომელიც სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ედსონ არანტეს დო ნასიმენტო 1942 წლის 23 ოქტომბერს ქალაქ მინას-ჟერაისში, სამხრეთ-დასავლეთ ბრაზილიაში დაიბადა. მშობლებმა ედსონი ამერიკელი გამომგონებლის, თომას ედისონის პატივსაცემად დაარქვეს, ხოლო სკოლაში თანატოლებმა მეტსახელად პელე შეარქვეს, მას შემდეგ, რაც არასწორად წარმოთქვა CR Vasco da Gama - ს მოთამაშის, მოასირ ბარბოსას სახელი.

მისი მამა ჟოაო რამოს დო ნასიმენტო, მეტსახელად დონდინიო, ფლუმინენსეში თამაშობდა. სწორედ ის იყო მომავალი ლეგენდის პირველი მწვრთნელი და მენტორი. პელეს დედა, სელესტე არანტესი, შვილის ფეხბურთით გატაცებას მხარს არ უჭერდა და განათლებას უფრო დიდ პრიორიტეტად თვლიდა.

როცა პელე 6 წლის იყო, მშობლებთან ერთად სან პაულოს დასავლეთის რეგიონში, ქალაქ ბაურუში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მამა Bauru Atlético Clube-ში თამაშობდა. სწორედ აქედან იწყება პელეს ცხოვრების მთლიანად ფეხბურთთან დაკავშირება.

1952 წელს, დონდინიოს პენსიში გასვლის შემდეგ, ოჯახს უკიდურეს სიღარიბეში უწევდა ცხოვრება. პელე კი თამაშს ძველი გაზეთებისგან ან გრეიპფრუტით სავსე წინდებისგან დამზადებული ბურთებით აგრძელებდა, რადგან ოჯახს მისთვის ფეხბურთის ბურთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.

ყველაფრის მიუხედავად, დონდინიო შვილის უნარების გაუმჯობესებაში ეხმარებოდა და ბიჭი მალე Bauru Atlético Clube-ის ახალგაზრდულ რიგებში ჩაირიცხა, და ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვალდემარ დე ბრიტოს ყურადღება მიიქცია.

1956 წელს, დე ბრიტომ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ ერთ დღესაც ეს 15 წლის ბიჭი მსოფლიოში უდიდესი ფეხბურთელი გახდებოდა.

პელეს დებიუტი "სანტოსში" შედგა, სადაც ახალბედა ფეხბურთელმა თავისი პირველი გოლი გაიტანა. 1957 წელს, კი 16 წლის ასაკში, საუკეთესო ბომბარდირის წოდება მიენიჭა. ფეხბურთელებისთვის, პელეს წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევა იყო. ყველაზე არაპროგნოზირებადი მოთამაშის შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო.

1950 წელს ბრაზილია ურუგვაისთან დამარცხდა. ამ საშინელი ლაქის მოშორების ერთადერთი შესაძლებლობა კი 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება იყო. სწორედ ამ ჩემპიონატის დროს გაიცნო საზოგადოებამ 17 წლის პელე.

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრიასთან გამარჯვებით დაიწყო, რასაც ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ნათამაშები 0-0 მოჰყვა, საბოლოო გამარჯვება კი ნაკრებს სსრკ-ის დამარცხებამ მოუტანა.

1958 წლის მუნდიალი პირველი თამაში იყო, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ამიტომ ახალგაზრდა პელე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ფეხბურთს ძველი გაზეთებისგან გაკეთებული ბურთით თამაშობდა, ბრაზილიელი გულშემატკივრების კერპად იქცა.

პელე მსოფლიოს სამ გზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ნეიმართან ერთად კი, 77 გოლით ბრაზილიის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის ტიტულს იკავებს. მან მსოფლიო ჩემპიონატებზე 14 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მათ შორის, 3 ფინალში, გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა 2022 წლის 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.