პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას ქორწინება ბედნიერი არ ყოფილა. დიანამ ყოველთვის კარგად იცოდა, რომ მის ქმარს სრულიად სხვა ქალი უყვარდა. მაგრამ ინგლისის მომავალი დედოფლის კანდიდატურა დიანას, როგორც დიდგვაროვანი ოჯახის წევრს, უფრო შეეფერებოდა.
Daily Mail-ის ცნობით, მალე აუქციონზე ლედი დის პირადი წერილები გაიყიდება. ეს იქნება 32 წერილი და ღია ბარათი, რომლებსაც დიანა 1996-96 წლებში თავის მეგობრებს, სუზი და ტარექ კასემებს უგზავნიდა.
როგორც კასემები განმარტავენ, მათ წერილების გაყიდვა, სულ მცირე, 90 000 ფუნტ სტერლინგად სურთ, შემოსული თანხა კი მთლიანად პრინცესა დიანას საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემათ.

წერილებიდან ირკვევა, რომ დიანას არასდროს უნდოდა ჩარლზთან განქორწინება და კარგად იცოდა, თუ რამდენად სასოწარკვეთილი იქნებოდა ამის გამო.
1996 წლის 28 აპრილით დათარიღებულ გულწრფელ წერილში (განქორწინებამდე ოთხი თვით ადრე) ვკითხულობთ:
„ძალიან რთული პერიოდი მაქვს, ზეწოლა სერიოზულია და ყველა მხრიდან მოდის. ზოგჯერ ძალიან მიჭირს თავის აწევა. მინდა, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს, რადგან უკვე ძალა აღარ მყოფნის.“
