24 თებერვლიდან გადაიხადე, რამდენიც გინდა - „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია „პიანისტზე“ - Marao

24 თებერვლიდან გადაიხადე, რამდენიც გინდა - „პალიტრა L-ის“ საქველმოქმედო აქცია „პიანისტზე“

2023-02-23 17:45:41+04:00


გამომცემლობა „პალიტრა L“ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე, 24 თებერვალს იწყებს საქველმოქმედო აქციას „გადაიხადე, რამდენიც გინდა, ასე დაეხმარები ომში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს“.

აქციის ფარგლებში, მკითხველს საშუალება ექნება, ებრაული წარმოშობის პოლონელი პიანისტის, ვლადისლავ შპილმანის მემუარებში „პიანისტი“ გადაიხადოს, რამდენიც უნდა. 5 ლარამდე გადახდილი თანხის 10% გადაირიცხება უკრაინის მხარდაჭერის ფონდში, ხოლო 5 ლარზე ზემოთ თანხა სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება. წიგნის შეძენა შეგიძლიათ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით ტირაჟის ამოწურვამდე.

გამომცემლობამ „პიანისტი“ ომის თემატიკიდან გამომდინარე შეარჩია. ეს არის საოცარი ჰუმანურობის ისტორია, რომელიც თაობებს შთაგონებით ავსებს. ვლადისლავ შპილმანი პოლონეთში ცნობილი სასცენო და რადიოშემსრულებელი იყო, რომელმაც ჰოლოკოსტი გამოიარა, მეგობრების და საბოლოოდ, გერმანელი ოფიცრის, ვილმ ჰოზენფილდის დახმარებით გადარჩა. შპილმანის ოჯახი ნაცისტებმა ბანაკში წაიყვანეს და მას შემდეგ პიანისტი მათ აღარასდროს შეხვედრია. ომის ბოლო წლებში თავად დანგრეული ვარშავის შენობებს აფარებდა თავს და უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. როგორც თავად შპილმანი იხსენებს, მას გერმანელი ოფიცერი ფარულად აწვდიდა საკვებსა და ტანსაცმელს, რითაც შიმშილით სიკვდილსა და ცივ ზამთარს გადაურჩა.

ვლადისლავ შპილმანის მემუარების მიხედვით 2002 წელს გამოვიდა რომან პოლანსკის ცნობილი ადაპტაცია „პიანისტი“, რომელიც BBC-მ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო ფილმში შეიყვანა.