ექსკურსია და წიგნის პრეზენტაცია ბესო ხვედელიძესა და მანანა მენაბდესთან ერთად - „პალიტრა L“ დედის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს - Marao

ექსკურსია და წიგნის პრეზენტაცია ბესო ხვედელიძესა და მანანა მენაბდესთან ერთად - „პალიტრა L“ დედის დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს

2023-02-27 11:05:06+04:00


3-4 მარტს იმერეთში ბესო ხვედელიძისა და მანანა მენაბდეს მონაწილეობით ლიტერატურული ექსკურსია მოეწყობა. ტური, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L“ გეგმავს, მოიცავს: მუზეუმებში ვიზიტს, აკუსტიკურ კონცერტს და რაც მთავარია, ორტომეულის „ქალების კალმით“ პრეზენტაციას.

ექსკურსიის მონაწილეები 3 მარტს თბილისიდან ერთად დაიწყებენ მოგზაურობას. პირველად ესტუმრებიან სიმონეთში მდებარე დავით კლდიაშვილის მუზეუმს. შემდეგ გადავლენ ქუთაისში, სადაც „პიატოში“ მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია. მეორე დღეს კი ისინი გადაინაცვლებენ გვიშტიბში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც საკმაოდ საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთლიანი ტურის განმავლობაში მათი მთავარი მეგზურები მწერალი ბესო ხვედელიძე და მწერალი, მუსიკოსი მანანა მენაბდე იქნებიან.

„ლიტერატურული ექსკურსია მკითხველისთვის ძალიან საინტერესო აქტივობაა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რომ პირადად გაიცნონ მწერლები, ესაუბრონ, იმსჯელონ სხვადასხვა საკითხზე და უბრალოდ, მოგზაურობით სიამოვნება მიიღონ. ტური აქტივობებით საკმაოდ დატვირთულია.

დავით კლდიაშვილის მუზეუმში მათ დახვდებათ გიდი, თუმცა, პარალელურად, მანანა მენაბდე მოუყვებათ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს მწერლის ცხოვრებიდან. ქუთაისში უკვე დაგეგმილია წიგნის პრეზენტაცია. „ბიბლუსში“ ღონისძიების მთავარი მასპინძელი მე ვიქნები. ორტომეულში „ქალების კალმით“ 33 მწერალი ქალის შემოქმედებაა გაერთიანებული. მათ შორისაა მანანა მენაბდე, რომელიც დამსწრეებს წაუკითხავს ამონარიდებს საკუთარი ნაწარმოებიდან. საღამოს კი ქალბატონი მანანა აკუსტიკური კონცერტი დაასრულებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „პიატოს“ კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის“, - განმარტავს ბესო ხვედელიძე.

4 მარტს ექსკურსიის მონაწილეებს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში დაჩი იოსელიანი უმასპინძლებს. გვიშტიბში მდებარე მუზეუმი ძალიან საინტერესოა ვიზიტორებისთვის. სახლის ეზოში ტრადიციულად იხარშება ლუდი და იწურება ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც ექნებათ სტუმრებს.

2-დღიანი ექსკურსია 4 მარტს თბილისში დასრულდება.

გამომცემლობა „პალიტრა L“ გეგმავს, რომ ლიტერატურულ ექსკურსიას სისტემატური სახე მისცეს და ახალი წიგნების თემატიკის შესაბამისად დაგეგმოს ტურები სხვადასხვა ქალაქში მკითხველისთვის საყვარელი მწერლების მონაწილეობით.

თუ გსურთ გახდეთ ლიტერატურული ექსკურსიის მონაწილე, დარეკეთ ნომერზე: 595999972. ადგილები შეზღუდულია.

R