ის სილამაზის ეტალონად, ლეგენდად იყო აღიარებული. მთელი ქვეყანა ეთაყვანებოდა. საქართველოს ფარგლებს გარეთაც იცნობდნენ. ბევრი ქალი ოცნებობდა, მასავით ლამაზი ყოფილიყო. უამრავი მამაკაცი ოცნებობდა ასეთი ქალის გვერდით ყოფნაზე...
მაგრამ ამ საყოველთაო აღტაცების, თაყვანისცემის და ხანდახან შურის ობიექტიც სინამდვილეში არ იყო ბედნიერი. უფრო მეტიც - უბედური და მარტოსული იყო. მთელი ცხოვრება ელოდა სულიერ სიმშვიდეს, უერთგულეს მეგობრებს, მოსიყვარულე მამაკაცს. რეალიზებას საქმეში და ალბათ, თავის სილამაზესა და აღიარებასაც დაუთმობდა ერთ ჩვეულებრივ მეოჯახე ქალს...

ამჯერად გთავაზობთ 2005 წელს ჟურნალ "ცხელი შოკოლადში“ დაბეჭდილ ინტერვიუს, სადაც ლიკა ქავჟარაძეზე მისი შვილი ლევან თაქთაქიშვილი საუბრობს.
„პირველად „ნატვრის ხე“ რომ ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა, გარდაიცვალა.
არასდროს მივლია დედაჩემის მონაწილეობით გადაღებული ფილმების ჩვენებებზე, არც დეფილეებზე. ერთხელ, 8 წლის რომ ვიყავი, მეც გამომიყვანა ჩვენებაზე. მარტო იმიტომ დამამახსოვრდა, რომ რაღაც ქურთუკი ჩამაცვეს და მერე მაჩუქეს. ძალიან გამიხარდა.
ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ
თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება - და ვინა არის? საიდან? რატომ? როგორ? უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა.
დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია. ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები. ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე.
ძალიან მოსაბეზრებელი იყო - „ეს ლიკას ბიჭია“ - შენ კი დებილივით დგახარ და იღიმი.“