ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შექმნეს - Marao

ქალები, რომლებმაც საქართველოს ისტორია შექმნეს

2023-03-08 13:26:55+04:00


მარო მაყაშვილი

მარიამ (მარო) მაყაშვილი დაიბადა 1902 წლის 25 აგვისტოს თავად-აზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი, პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული.

დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.

1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში და გარდაიცვალა 20 თებერვალს. მისი ცხედარი ქაშვეთში გადმოასვენეს. პანაშვიდი საქართველოს პატრიარქმა აღუსრულა და იქვე, პირდაპირ სამხედრო ტაძარში გადაასვენეს. დაკრძალეს კოჯორში დახოცილი იუნკერების გვერდით, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია, რუსთაველის გამზირზე).

მაროს დიდ მწერლობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დღიურის, ორი დიდი რვეულის და პატარა მოთხრობების გარდა, არაფერი დარჩა.

ალექსანდრა ჯაფარიძე

ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქართველი მთამსვლელი ქალია, რომელსაც კავკასიონის მწვერვალებზე ასამდე ასვლა აქვს შესრულებული. იგი ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

მის სახელს უკავშირდება ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასევე 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბულის აღმოჩენა. მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი.

საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციამ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

ბორენა დედოფალი

ბორენა პირველი ქართველი ქალი პოეტია. უფრო ზუსტად კი, ის არის პირველი პოეტი ქალი, რომელზეც ცნობა მოგვეპოვება. დანამდვილებით არ ვიცით, ბორენა ნამდვილად იყო თუ არა საქართველოს დედოფალი. ისტორიკოსმა ალექსანდრე ხახანაშვილმა პირველად პროზის სახით გამოაქვეყნა იამბიკო და მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი ავტორი ბორენა, ოსთა მეფის ასული და ბაგრატ მეოთხის მეუღლე უნდა ყოფილიყო.

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

მარიამი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ამავე საზოგადოების მიერ გახსნილი სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტის თავმჯდომარე. ის ეხმარებოდა გაჭირვებული ოჯახიდან წამოსულ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში.

1906 წელს საკუთარი ხარჯებით გახსნა სკოლა სოფელ ატენში. ყოველ ახალ წელს მარიამი საკუთარი სახსრებით ურიგებდა საჩუქრებს სკოლის მოსწავლეებს.

ნინო რამიშვილი

ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი. ნინო შალვას ასული რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში. 1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება. 1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე ხდება.