"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, ვერ გეტყვით - სიხარული, შიში, სიბრაზე." - ნიკა ქავთარაძე - Marao

"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ... რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, ვერ გეტყვით - სიხარული, შიში, სიბრაზე." - ნიკა ქავთარაძე

2023-03-09 12:42:39+04:00


მსახიობმა ნიკა ქავთარაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა საკუთარი შვილის, სანდრო ქავთარაძისა და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ე.წ. უცხოური აგენტების კანონს აპროტესტებენ:

"დილის 4-ისკენ მიპასუხა სანდრომ - რამდენიმე საათით ადრე დასმულ კითხვაზე, სად ხარ-მეთქი. დილით ადრე ვნახე ეს პასუხი.

რამდენი რამე ვიგრძენი ერთად, ვერ გეტყვით - სიხარული, შიში, სიბრაზე. პირველი, რაც ვქენი, ვცადე დაკავშირება და ვერ დავუკავშირდი. მეორე, რაც ვქენი, მეგობრებს მივწერე სამსახურში, შეიძლება დამაგვიანდეს-მეთქი.

ახლა კიდევ ვფიქრობ, რომ ჩვენი შვილები მეტს ფიქრობენ ჩვენს მომავალზე, ვიდრე ჩვენი თაობა, რადგან მათ იციან, რომ ყველაფერს დაკარგავენ, თუ ახლა არ იბრძოლებენ; რადგან არაფერთან შეგუება არ უნდათ, რაც თავისუფლებაში შეუშლით ხელს.

ჩვენ კი მაინც გაგვაფუჭა ცხოვრებამ, შეგვაგუა, რომ თავისუფლებაზე ხააააანდახან შეიძლება თვალი დახუჭო, რომ გადარჩე და გაძვრე.

თუმცა ახლა, როცა უკვე იმ ასაკში ვართ, როცა შვილები იცავენ თავისუფლებას, მხოლოდ მონებს რჩებათ უფლება, იყვნენ ჩუმად. რადგან თუ ქვეყანა დავკარგეთ და მივეცით რუსეთს, დავკარგავთ შვილებსაც, სტატუსებსაც, სამსახურებსაც და ყველაფერს, რასაც ახლა ვეფოფინებით!" - წერს ნიკა ქავთარაძე.