7-8 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა. მოქალაქეები ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღებას აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნის დასავლური გზიდან გადახვევას ნიშნავდა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

ილუსტრაცია: Anako Turashvili
ორივე დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებამ სპეციალური საშუალებებით, მათ შორის - წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზისა და "წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა. ალბათ, ყველასთვის განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი კადრი სპეცრაზმელების წინ, წყლის ჭავლის პირისპირ მდგარი ევროკავშირის დროშიანი ქალი იყო. ფოტო თითქმის ყველა მედიამ და არაერთმა საერთაშორისო გამოცემამ გამოაქვეყნა. ამ დრომდე "დღის გმირის" ვინაობა უცნობი იყო, თუმცა "რადიო თავისუფლების" სიუჟეტიდან ვიგებთ, რომ ის ნანა მალაშხიაა. მან ხალხმრავლობაში ახლობლები დაკარგა და როცა დაინახა, რომ ახალგაზრდებს წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს უშენდნენ, სპეცრაზმელების წინ ევროკავშირის დროშით ხელში დადგა. მოგვიანებით მის გვერდით კიდევ რამდენიმე ადამიანი მოგროვდა: "მე უბრალოდ ვიტყოდი, რომ არ ვჩნდები, იმიტომ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია. მეტი პატრიოტი, მეტი მამაცი ადამიანი ჰყავს საქართველოს" - თქვა მან ინტერვიუში.