წიგნები, რომლებიც გაზაფხულზე უნდა წაიკითხოთ - Marao

წიგნები, რომლებიც გაზაფხულზე უნდა წაიკითხოთ

2023-03-20 14:18:25+04:00


გაზაფხული მშვენიერი დროა, სიმსუბუქისა და განახლების პერიოდი, როდესაც გინდა ბევრი ისეირნო, დაისვენო და წაიკითხო წიგნები, წიგნები, რომლებიც სავსეა სიყვარულითა და სასწაულების რწმენით.

ჩვენ შეგირჩიეთ წიგნები, რომლებიც განსაკუთრებით მოუხდება გაზაფხულს:

  • ანი ერნო - წლები
82 წლის ფრანგი მწერალი ანი ერნო ლიტერატურის დარგში 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია. თავის უმთავრეს ნაწარმოებში, 2008 წელს გამოქვეყნებულ მემუარულ რომანში, „წლები“, საზოგადოების და ქალის ურთიერთობას აღწერს. რომანი არა მხოლოდ ერთი ქალის, არამედ მთელი თაობის ცხოვრების ანონიმური ისტორიაა. როგორც ერნო ამბობს, „ვირჯინია ვულფიდან სამოცდაათი წლის შემდეგ და მარგერიტ დიურასიდან ოცი წლის შემდეგ“. მწერალი მიჰყვება ურთიერთგამომრიცხავ შთაბეჭდილებებს მუდამ გაუგებარ რეჟიმში გატარებული ცხოვრებიდან და მას „უპიროვნო“ და კოლექტიური ავტობიოგრაფიის ფორმად აქცევს.

  • ნაირა გელაშვილი - პირველი ორი წრე და ყველა სხვა
რა ხდება მაშინ, როცა ვინმე იმისაგან განსხვავებულად აღწერს სინამდვილეს, როგორც ჩვენ ის წარმოგვიდგენია? ვბრაზდებით თუ ვცდილობთ, განსხვავებულში სიმართლის მარცვალი მაინც დავინახოთ და მერე ეს ყველაფერი ისევ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ? რომანიდან ჩანს, რომ სინამდვილის ამა თუ იმ ინტერპრეტაციაზე გაბრაზებაც კი უკვე სინამდვილის გააზრებაა. და ეს უკვე კარგია, რადგან რეალურად კატასტროფა სინამდვილეზე ურეაქციობას, სინამდვილის გაუაზრებლობას და მის აუთვისებლობას მოსდევს და ისტორიაში თუ თანამედროვეობაში, ასე, გაუაზრებლად დატოვებული ნებისმიერი მოვლენა მერე სასტიკად იძიებს შურს ჩვენსავე მომავალზე. ამიტომაც, სხვა ყველა ღირსებასთან ერთად, ნაირა გელაშვილის „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ იმით არის უმნიშვნელოვანესი რომანი, რომ საქართველოს უახლესი წარსულის სიღრმისეული გააზრების მცდელობას წარმოადგენს.

  • ჩარლზ ბუკოვსკი - ბუტერბროდი ჭვავის პურით
თქვენ წინ რომანის მთავარი გმირი ჰენრი ჩინასკი დგას, ბიჭი დიდი შინაგანი ბრძოლებით, თითქოს დაუძლეველი პრობლემებით, ტკივილით, ბრაზით, სინაზით და სიყვარულით - ყველაფრით, რასაც განიცდის ადამიანი, როცა იზრდება, ყველა იმ ვნებით თუ სურვილით, რომელთა წინაშეც ბავშვობა და თინეიჯერობა არ არსებობს. ჰენრის ამბავი არავის დატოვებს გულგრილს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც იმავე ასაკში მთავარ მტრად თუ მოწინააღმდეგედ საკუთარი თავი და სამყარო არ ჰყოლია. როგორ დასრულდა ჰენრისთან ეს ტოტალური კონფლიქტი? ან დასრულდა კი? მიირთვით ბუტერბროდი ჭვავის პურით და ეძებეთ პასუხი.

  • თანამედროვე ქართული პროზა მე-2 ტომი
სერია "ქალების კალმით" აერთიანებს გამორჩეული ბიოგრაფიის, წერის სტილისა თუ იდეოლოგიის მქონე ქალ ავტორებს, რომლებმაც გაბედეს, საკუთარი ეპოქისა და ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან პრობლემატიკას გამოხმაურებოდნენ. ამ ანთოლოგიაში შესულ ტექსტებს, მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ერთი რამ აერთიანებს: ისინი ქალების გადმოსახედიდანაა დაწერილი. თანამედროვე ქართული პროზის მე-2 ტომში ქალი-მწერლების მოთხრობებია თავმოყრილი.

  • უილიამ ფოლკნერი - იგავი
უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის ისტორიამ, კულტურამ და ცხოვრებამ.

„იგავი“ უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი მთავარი ნაწარმოები და მისი შემოქმედების გვირგვინია. ავტორმა მასზე ათი წლის განმავლობაში იმუშავა და სურდა, მისი „ცხოვრებისა და, შესაძლოა, ეპოქის საუკეთესო ნამუშევარი ყოფილიყო“. რომანმა 1955 წელს მიიღო პულიცერის პრემია.

რომანში მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს, და ეს არის ამბავი ომზე თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. ფაბულა კი ასეთია: კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? - ამ უაზრობის – ომის მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა - გვეყოფა! უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია... ჭირისუფლებს უმწეობა და უსამართლობის განცდა კი არ უგლეჯდათ გულებს, არამედ ჩვეულებრივი, უბრალო ადამიანური ტკივილი...

  • კაზუო იშიგურო - როცა ობლები ვიყავით
იშიგურო წარმოშობით იაპონელია. დაიბადა ნაგასაკიში, მაგრამ ხუთი წლის ასაკიდან მისი ოჯახი ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. ბრიტანელი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი 2017 წელს, ლიტერატურის დარგში გახდა. „როცა ობლები ვიყავით„ არის დახვეწილი რომანი, რომელიც პარადოქსულად აერთიანებს 1930-იანი წლების „შავი დეტექტივის“ ტრადიციებსა და „კულტუროლოგიურ პროზას“ მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში.

ფაბულა: ყველაზე ცნობილი ინტელექტუალი დეტექტივი კრისტოფერ ბენქსი ბავშვობიდან ოცნებობს მშობლების გაუჩინარების საიდუმლოს ამოხსნაზე - და ბოლოს, მას ეძლევა ამის შესაძლებლობა, ძალიან მღელვარე დროში, ლონდონი-შანხაის მარშრუტზე გამგზავრება. თუმცა კრისტოფერის გამოძიება და მისი ეგზოტიკური მოგზაურობა თანდათან გადაიქცევა მოგზაურობად აწმყოდან წარსულში...