მუსიკალური პროექტი ,,საქართველოს ვარსკვლავი" ფინალს უახლოვდება, შესაბამისად, მცირდება მონაწილეთა რაოდენობაც და ფინალისტთა ადგილებსაც საუკეთესოთა შორის საუკეთესონი იკავებენ.
26 დეკემბრის შოუმ უკვე გამოავლინა მონაწილთა ტოპ-სამეული. ესენი არიან: ანი გოზალიშვილი, ლუკა ზაქარიაძე და გიორგი ნადიბაიძე. პროექტი მანანა ვეკუამ დატოვა.
მონაწილეებმა ჟიურისა და მსმენლის წინაშე ორ-ორი სიმღერა წარმოადგინეს და თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენეს. თუმცა დარბაზში დამსწრე საზოგადოების ფეხზე წამოყენება მხოლოდ ერთმა მათგანმა მოახერხა - ეს იყო ლუკა ზაქარიაძე, რომელმაც სტინგის desert rose და ირაკლი ჩარკვიანის (მეფე) ,,საქართველო" შეასრულა.
განსაკუთრებული ფურორი მსმენელზე სწორედ ამ უკანასკნელმა, ,,მეფის" უკვდავმა ჰიტმა მოახდინა, რომელიც იმდენად ემოციურად, ორიგინალურად და განსხვავებულად შესრულდა, რომ გულგრილი ვერავინ დატოვა.
ჟიურის მიერ პროექტის აღმოჩენად მონათლულმა ლუკა ზაქარიაძემ კიდევ ერთხელ ააფეთქა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. მისი პერფორმანსით აღფრთოვანებული მაყურებელი დიდი ხნის განმავლობაში არ იშურებდა აპლოდისმენტებს ნიჭიერი შემსრულებლისათვის.
ია ბერიაშვილი