საახალწლო სამზადისში ერთ-ერთი პირველი ახლობლებისთვის საახალწლო საჩუქრების შერჩევაა. ცხადია, საჩუქრებს ადრესატის სქესის, ასაკისა და საქმიანობის მიხედვით არჩევენ, თუმცა ახალ წელს შეგიძლიათ წლის ზოდიაქოს ნიშანიც გაითვალისწინოთ და ახლობლებს, სასარგებლოსთან ერთად, თავშესაქცევი საჩუქრებიც შეურჩიოთ.
მაშ ასე, რას გვირჩევენ ასტროლოგები 2013 წელს, რომლის მფარველადაც წყლის იისფერი გველი გვევლინება?
წლის ნიშანს რომ ასიამოვნოთ, კარგი საჩუქარი იქნება დეკორატიული ჩანჩქერი, მარჯნის სამკაულები, პარფიუმერული ტუალეტის წყალი.
ასტროლოგების აზრით, მშვენიერი საჩუქარი იქნება ბლოკნოტები, ორგანაიზერები, ნოუთბუქები. ეს განპირობებულია იმით, რომ გველს უყვარს ყურადღებიანი, მიზანდასახული, ორგანიზებული და წინდახედული პიროვნებები. ზემოჩამოთვლილი ნივთები მათ წარმატებული საქმიანობისთვის გამოადგებათ.
რადგან ახალი წელი ზამთარსა და თოვლთან ასოცირდება, შეგიძლიათ, სეზონის შესაბამისი ნივთები შეარჩიოთ, მაგალითად, ნაქსოვი შარფი, წინდები და ხელთათმანები. მაშინაც კი, თუ საჩუქრის ადრესატი ყოველდღიურად არ იყენებს ამ ნივთებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მაინც გამოიძებნება მათი ჩაცმის საბაბი და ამ დროს თქვენც სითბოთი გაგიხსენებთ. თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის ბანალური ნაქსოვი ნივთების შერჩევა; უფრო სახალისო იქნება, თუ მასზე მხიარული საახალწლო სიმბოლოებია გამოსახული.
საახალწლოდ შეგიძლიათ, პრაქტიკული საჩუქრებიც შეარჩიოთ. მაგალითად, ჭიქა, მაისური (ასეთი საჩუქრები თანამშრომლებისთვის გამოგადგებათ), ლამაზი ფუმფულა ნაძვის ხე, მცირე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თბილი კუბოკრული პლედი (ნათესავების ან ახლო მეგობრებისთვის); კოლეგებს ასევე შეგიძლიათ აჩუქოთ ორიგინალური ნაძვის ხის სათამაშოები და დეკორატიული სანთლები.
საქმიანი ადამიანებისთვის უპრიანი იქნება ძვირფასი საწერ-კალმების, ბლოკნოტების, პორტმანეს შერჩევა.
დიასახლისებს საჩუქრად სამზარეულოს ან ხელსაქმის ატრიბუტების მიღება ესიამოვნებათ. ზოგადად, კარგი სიურპრიზი იქნება სასაჩუქრე წიგნი, მდიდრული ვაზები, უჩვეულო სამშვენისი ელემენტები, რომლებიც თქვენს სახლს სითბოსა და სიმყუდროვეს შემატებს. თუმცა ამგვარი საჩუქრების შერჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ კარგად იცნობთ ადრესატის გემოვნებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი შეხედვით საინტერესო ნივთმა შეიძლება, ანტრესოლის შორეულ კუნჭულში დაიდოს ბინა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)