დადგა 2013 წელი და უფრო გახშირდა რიცხვი 13-ის ავკარგიანობაზე ლაპარაკი. რა დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს ცრურწმენისადმი და საიდან წამოვიდა რიცხვი 13-ის მიმართ შიში?
ერთ-ერთი სკანდინავიური ლეგენდის თანახმად, ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე თორმეტი ბედნიერი ღმერთი მშვიდად ტრაპეზობდა ღმერთ ოდინის სასახლეში. მოულოდნელად მეცამეტე - ლოკი - გამოჩნდა, რომელმაც დებოში და არეულობა შეიტანა, რასაც უსაყვარლესი ღმერთის, ბალდირის სიკვდილი მოჰყვა.
ძველი დროიდან ჩვენამდე ბევრმა ცრურწმენამ და მინიშნებამ მოაღწია, რომლისაც ბევრს სჯერა. მაგალითად, შავი კატის გადარბენა, მარილის დაფანტვა და ა.შ.
მარილის დაფანტვა
ამას უბედურების მომტანად ერთი მარტივი მიზეზის გამო მიიჩნევდნენ:
სანამ მაცივარს გამოიგონებდნენ, პროდუქტი რომ არ გაფუჭებულიყო, ამარილებდნენ. შესაბამისად, თუ მარილი დაეფანტებოდათ, პროდუქტებსაც ვერ მოიმარაგებდნენ და ადამიანებს შიმშილი ემუქრებოდათ.
ახალმოსახლეობა
ახალ სახლში პირველს ძაღლს ან კატას უშვებდნენ. რა ადგილასაც ცხოველი დაიძინებდა, საწოლს სწორედ იქ დგამდნენ. ცოტა ხნის წინ გაირკვა, საიდან წამოვიდა ეს მინიშნება. დედამიწაზე, როგორც აღმოჩნდა, არსებობს გეოპათოგენური ზონები, საიდანაც ადამიანისათვის საზიანო მავნე ენერგია მოდის. ცხოველებისაგან განსხვავებით, ადამიანები მათ ვერ ვამჩნევთ. ისინი კი ამ უხილავ ველებს შესანიშნავად არჩევენ და დამატებით ადგილებს ირჩევენ.
ფსიქოლოგების მოსაზრება
ფსიქოანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ადამიანს სურს, რაღაცის სჯეროდეს. ბევრი მეცნიერი ცრურწმენებში დადებით მხარეს ხედავს. ფრანგი ფსიქიატრი ფრანსუა ლაბორდი ამტკიცებს, რომ ცრურწმენა ინდივიდს ძალაუფლების შეგრძნებას უმძაფრებს და სიტუაციის კონტროლის საშუალებას აძლევს. ეს იაფი და ადვილად დამამშვიდებელი საშუალებაა.
ფსიქიატრიის თვალსაზრისით, ცრურწმენა საშუალებას გვაძლევს, შინაგანი დაძაბულობა შევასუსტოთ. ის გარკვეულწილად დამამშვიდებელი წამლის როლს ასრულებს. ფსიქიატრიაში ასეთ ქმედებას მაგიური აზროვნება ეწოდება - იმისათვის, რომ ადამიანმა თავი უკეთ იგრძნოს, საკმარისია, ხეზე დააკაკუნოს, მგზავრობის წინ წუთით ჩამოჯდეს ან შავი კატის გადარბენის შემთხვევაში უკან დაბრუნდეს. ასეთ დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ უბედურებას თავიდან იცილებს და გარკვეულწილად მშვიდდება.
გთავაზობთ რჩევას, რომელსაც ძველად მიმართავდნენ, რათა სიმდიდრე და ფული მოეზიდათ. დღეს შეიძლება, ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ ყველაფერს იუმორით შეხედეთ:
არავითარ შემთხვევაში არ გაასესხოთ ფული, რომელსაც მნიშვნელოვანი შენაძენისთვის აგროვებდით, თორემ ოცნებას ვეღარ აისრულებთ;
ორშაბათს ფულის გასესხება არ შეიძლება, თორემ მთელი კვირა გასავალი გექნებათ. თუ ორშაბათს დილით დააცემინებთ - საჩუქარს მიიღებთ, თანაც იმდენს, რამდენჯერაც დააცემინებთ;
ძველად დიასახლისები ცოცხს ყოველთვის ტარით ქვევით ინახავდნენ, რათა ოჯახიდან ფული არ გახვეტილიყო;
იმისათვის, რომ სიმდიდრე დაეგროვებინათ, ძველად ოჯახის მხცოვანი მამაკაცები ლითონის მონეტებს ოთახის კუთხეებში მიმოფანტავდნენ სიტყვებით - "ასმაგად ჩემს ოჯახში!"
რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული
მზის ჩასვლის შემდეგ ნაგვის გადაყრა მიზანშეწონილი არ არის;
მაგიდიდან პურის ნამცეცები ხელით არ გადმოყაროთ - უფულობა იცის;
საკუთარი ხელით თმას ნუ შეიჭრით - სიღარიბის მომტანია;
სახლში იატაკს სველი ტილოთი ღამით ნუ გაწმენდთ - ბედნიერებას ჩამოირეცხავთ;
იატაკის გაწმენდა შემოსასვლელიდან არ დაიწყოთ - არასასიამოვნო სტუმარი გეწვევათ;
იატაკზე დავარდნილი ღილი მარჯვენა ხელით აიღეთ - ჩხუბს თავიდან აიცილებთ;
ქეიფის დროს ბოკალს ნურავის გაუცვლით - ბედი გამოგეცვლებათ;
ღამე მაგიდაზე ცარიელ ბოთლებს და დანას ნუ დატოვებთ - უბედურების მომტანია;
თუ შემთხვევით სამოსი უკუღმა ჩაიცვით - მოწინააღმდეგესთან დამარცხდებით, თუ წინა და უკანა შეგეშალათ - ახალი ნაცნობობა გელით;
სახლში ფარშევანგის ბუმბულების ან გამხმარი ლელქაშის ქონა ოჯახის დანგრევას მოასწავებს.
ჟურნალი ”რეიტინგი”
(გამოდის ორშაბათობით)