იუნესკოს გადაწყვეტილებით, 16 იანვარს მსოფლიო ყველა დროის ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის, The Beatles-ის დღეს აღნიშნავს.
სწორედ 16 იანვარს, 1957 წელს, ლივერპულში გაიხსნა კლუბი "The Cavern", საიდანაც დაიწყეს დიდებისკენ აღმასვლა მუსიკოსებმა: ჯონ ლენონმა, პოლ მაკარტნიმ და ჯორჯ ჰარისონმა. რამდენიმე წლის შემდეგ მათ შეუერთდათ კიდევ ერთი მომავალი ვარსკვლავი – რინგო სტარი.
ლეგენდარულმა ლივერპულელმა ოთხეულმა ჩვეული შემადგენლობით 8 წელი იარსება. ამ ხნის განმავლობაში მათ 13 ალბომი გამოუშვეს. 1963 წელს, სინგლის "She Loves You/ I’ll Get You" გამოსვლის შემდეგ მთელ მსოფლიოში ბითლომანია დაიწყო. The Beatles-ის პოპულარობას ზღვარი არ ჰქონდა. ის მუსიკალურ და კულტურულ ჩარჩოებს გასცდა და სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენად იქცა.
მას შემდეგ, პრაქტიკულად, მათ მიერ გამოშვებული ყველა სინგლი ჰიტი ხდებოდა – "Yesterday", "Yellow Submarine", "Let IT Be", "Hey Jude", "I Want tu Hold Your Hand", "All you Need is Love", "Something"...
The Beatles-ის ალბომების გაყიდვამ აშშ-ში რეკორდულ ციფრს – 19 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. ჯგუფის 6 ალბომს "ბრილიანტის" სტატუსი მიენიჭა. "ბითლები" 7 "გრემის" პრემიის მფლობელები გახდნენ, ხოლო მათ მუსიკაზე შექმნილმა ფილმმა "let it Be" "ოსკარი" დაიმსახურა. ჟურნალმა Rolling Stone-მა კი The Beatles 50 გამოჩენილ შემსრულებელს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.