იუნიკსინგ ხუ ჩრდილოეთ ჩინეთის ღარიბ ოჯახში დაიბადა. როცა გოგონას 8 თვე შეუსრულდა, მისმა მუცელმა გაბერვა დაიწყო. მშობლები ძალიან ანერვიულდნენ და მაშინვე ექიმს მიმართეს.
თუმცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა დიაგნოზი ვერ დასვეს. 4 წლის პატარას მუცელი უკვე 9 თვის ორსული ქალისას დაემსგავსა.
საწყალი იუნიკსინგ ხუ ძლივძლივობით გადაადგილდებოდა, არ შეეძლო დამოუკიდებლად ჩაცმა. 99 სმ სიმაღლის გოგონას მუცლის გარშემოწერილობა 105 სმ-ს აღწევდა. ბავშვები დასცინოდნენ გოგონას, არ თამაშობდნენ მასთან. იუნკსინგის მამა, რომელიც თვეში დაახლოებით 160 დოლარს გამოიმუშავებდა, მთელ ხელფასს ექიმებზე ხარჯავდა. თუმცა სწორი დიაგნოზის დასმა ვერავინ შეძლო.
მაშინ სასოწარკვეთილმა მშობლებმა გადაწყვიტეს, თავისი პირმშოს ფოტო ინტერნეტში განეთავსებინათ – იმ იმედით, რომ მოწყალე ადამიანები გამოჩნდებოდნენ და ძვირად ღირებული კლინიკისთვის თანხას შეაგროვებდნენ. მათ გაუმართლათ: იუნიკსინგის ისტორიამ, რომელსაც ჩინელმა ბლოგერებმა "ორსული გოგონა" უწოდეს, პეკინის ერთ-ერთი კლინიკის სპეციალისტის ყურამდეც მიაღწია.
ექიმ ბიან ჩეს მსგავს შემთხვევასთან უკვე ჰქონია შეხება. ბადა-კიარის სინდრომი – იშვიათი დაავადებაა, რომლის დროსაც ვენები, რომელიც ღვიძლიდან ორგანიზმს სისხლს აწვდის, იბლოკება. ამის გამო მუცელში სითხე გროვდება და შინაგან ორგანოებს აწვება. იუნიკსინგის მუცლიდან რამდენიმე ლიტრი სითხე ამოიღეს, შემდეგ კი ჩატარდა ოპერაცია.
- იუნიკსინგი ყოველდღე უკეთ და უკეთ ხდება, - გახარებულია გოგონას მამა. – მან მეგობრები გაიჩინა და ერთი სული აქვს, როდის შეუხორცდება ბოლომდე ჭრილობა, რომ ველოსიპედით სიარული და ცურვა შეძლოს; მაგრამ ყველაზე მეტად ჩემს პრინცესას უნდა, რომ ცეკვა ისწავლოს.