პროფესია ბევრნაირი არსებობს – უძველესი, უახლესი, საჭირო ან ნაკლებად საჭირო, მაგრამ არსებობს ისეთები, რომლებიც დროთა განმავლობაში ისტორიას ბარდება და მათი გახსენება ბევრს ღიმილს ჰგვრის. თუმცა, ალბათ, უმრავლესობა ჩვენგანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ამგვარის არსებობის შესახებ.
XX საუკუნის ინგლისსა და ირლანდიაში არსებობდა პროფესია ,,გამღვიძებელი" (Knocker-up ან Knocker-upper), რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ სპეციალურად მომზადებული ადამიანები აღვიძებდნენ სამსახურში მიმავალთ და ერთგვარად, მაღვიძარას როლს ასრულებდნენ.
მათი საქმიანობის მოკლე აღწერილობა მოყვანილია ჩარლზ დიკენსის რომან ,,დიდ იმედებში".
პროფესია გამღვიძებელი სამრეწველო რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა და გასული საუკუნის 20-იან წლებამდე არსებობდა მსხვილ სამრეწველო ქალაქებში, როგორიც იყო, მაგალითად, მანჩესტერი.
ამ საქმიანობით, ძირითადად, ხანშიშესული ადამიანები იყვნენ დაკავებულნი, თუმცა, დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, მას ქალაქის კონსტებლიც ითავსებდა დილის პატრულირების დროს. გამღვიძებელი კვირაში საშუალოდ 6–7 პენსს შოულობდა.
ქალაქის გამღვიძებლებს სპეციალური სამუშაო იარაღებიც გააჩნდათ. ზოგიერთი მათგანი გრძელ ბამბუკის მილს იყენებდა, რომლითაც ბარდის მარცვლებს ისროდა გასაღვიძებელი ობიექტის ფანჯრებში, ზოგიც – უბრალოდ, გრძელ ჯოხს და მაღალ სართულებზე მცხოვრებთ ასე ახსენებდა თავს.
დილით გაღვიძება–არგაღვიძების, სამსახურსა თუ სასწავლებელში დაგვიანების პრობლემა როგორც იყო აქტუალური, ისევე რჩება დღესაც, რადგან ადამიანის ბუნებას ვერც წლები ცვლის და ვერც საუკუნე, მაგრამ საინტერესოა, როგორ უმკლავდება კაცობრიობის მძინარა ნაწილი ამ პრობლემას დღეს?
2011 წლიდან ამოქმედდა მსოფლიოში პირველი სოციალური მაღვიძარა Будист.ру, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს. საიტის მომხმარებლები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი, რომელთაც სურთ, რომ დილით სასურველ დროს გააღვიძონ (მძინარები) და მეორენი – რომლებიც საკუთარი სურვილით აღვიძებენ სხვებს (გამღვიძებლები).
აი, ასე, როგორც იტყვიან, ქვეყანაზე უკვალოდ არაფერი იკარგება. ასე რომ, სულ ტყუილად გეგონათ, რომ პროფესიონალი გამღვიძებლის პროფესია ისტორიას ჩაბარდა.
ია ბერიაშვილი