ქართველმა მომღერლებმა უკრაინულ "ვოისში" მონაწილეობის მიღებას მოუხშირეს. ჯერ იყო და შარშან ოთო ნემსაძემ გადარია უკრაინელები.
ამჯერად პროექტში მონაწილეობას მეგი გოგიტიძე იღებს. ბრმა ქასთინგი უკვე გაიარა. 24 წლის ქართველმა მომღერალმა სიმღერა Summer time ახლებურ სტილში შეასრულა და მას მხოლოდ ერთი მწვრთნელი, ანი ლორაკი შემოუბრუნდა.
დანარჩენმა მწვრთნელებმა კი მას რეპერტუარის შეცვლა ურჩიეს. წელს უკრაინული "ვოისის" მწვრთნელებს შორის არის ასევე ქართველი მომღერალი თამრიკო გვერდწითელი. საქართველოდან წასვლა და უკრაინაში ბედის ცდა მეგის ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჰქონდა დაგეგმილი.
"ალბათ, რაღაც პერიოდი საქართველოდან წავალ. იმიტომ კი არა, რომ რამე არ მაკმაყოფილებს; უბრალოდ, სხვანაირად რომ გავიზარდო. რაღაც მომენტში გჭირდება, რომ გარემო შეიცვალო, უფრო მეტი გააკეთო და ნატო დუმბაძე ამაში დამეხმარება", - ამბობდა მეგი ჩემთან ინტერვიუში.
მართალია, პროდიუსერის დახმარებით მისი უკრაინაში გამგზავრება ვერ მოხერხდა, თუმცა ბედი თავად სცადა და "ვოისის" გვერდიც თავად შეავსო. მეგი ახლა 6 თვის ორსულია, რამაც შეიძლება შემდეგ ტურებში მას სიმღერაში ხელი შეუშალოს. ახლა შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, აპრილის შუა რიცხვებში რინგი იწყება.
მეგი გოგიტიძე: - ჩემი მეუღლე დათუნა მერაბიშვილი დამეხმარა იმაში, რომ იქ მოვხვედრილიყავი. შევავსე "ვოისის" გვერდი და ჩავედი პირველ ქასთინგზე, რომელიც ბრმა ქასთინგამდე გაიმართა. გავიარე ეს ტური, შემდეგ ბრმა ქასთინგზე მოვხვდი და იქიდან პირდაპირ პროექტში.
პირველ ტურში ისე ვერ ვიმღერე, როგორც მინდოდა. 5 თვის ორსული ვიდექი სცენაზე და ამის შესახებ არავინ იცოდა. ცოტა ვინერვიულე და დამეტყო კიდეც. არ ვიცი, რამდენად გავიმარჯვებ, მაგრამ წარმატებას ალბათ მივაღწევ იმ კუთხით, რომ ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, თუ ორსულობა ბოლო თვეებისკენ ამის საშუალებას მომცემს.
- ჟიურის წევრებმა რეპერტუარის შეცვლა გირჩიეს. გაითვალისწინე?
- რეპერტუართან დაკავშირებით, ჯერ ვერაფერს გეტყვით. ისე გავედი ბრმა ქასთინგზე, რომ არაფერზე არ ვფიქრობდი. მოხდა ისე, ალბათ, როგორც უნდა მომხდარიყო და მიხარია, რომ ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.
- ბავშვს როდის ელოდები?
- ივნისის შუა რიცხვებში ველოდები. გოგოა და რას დავარქმევ, ჯერ არ ვიცი. მაგაზე მერე მე და ჩემი მეუღლე ერთად შევთანხმდებით.
იხილეთ ვიდეო
ეკა ჩიკვაიძე