2013 წლის ორ ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენის შემდეგ, მომავალ პირველ ლედიდ მისი მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი დაასახელა.
საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ღირსეული პირველი ლედი ეყოლებოდა.
''სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი, ეს ჩემთვის უნიკალურია. ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართველოს, ტრადიციული ოჯახის შემქმნელი და ძალიან დამსახურებული. ირაკლის მშობლები და სიდედრ-სიმამრი შვებულებას ერთად ატარებენ და ერთად ისვენებენ, ეს ძალიან მისასალმებელია'', - დასძინა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, რადგან საქართველოს მოსახლეობა მიჩვეული იყო, რომ აქამდე პირველი ლედი პრეზიდენტის მეუღლე გახლდათ. ბრძოლამ პირველი ლედობისთვის მედიის კულუარებში გადაინაცვლა. პრესამ და ტელევიზიამ ერთგვარი გამოკითხვაც კი მოაწყო თემაზე, ვინ არის საქართველოს პირველი ლედი – მაკა ჩიჩუა თუ ნუნუკა თამაზაშვილი.
მართალია, ამ თემაზე ერთიანი აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, 26 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისი მეუღლეც იქნება, რომელიც მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე გახლავთ მიწვეული.
ნუნუკა თამაზაშვილი მეუღლის გაპრემიერების დღიდან ინტერვიუებისგან თავს იკავებს. ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე სოციალურ ქსელში აქტიურობდა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ ''ფეისბუქზე'' მხოლოდ მეუღლისა და შვილების ფოტოებს აქვეყნებს.
პრემიერ-მინისტრის მეუღლე 1983 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. მამა – გენერალი თამაზ თამაზაშვილი, ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ. ჰყავს ძმა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ''ქართული ოცნების'' დეპუტატი გახლავთ. ლექსო თამაზაშვილი დასაოჯახებელია და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში. ბოლო ცნობილი შემთხვევა გია ნოდიასთან მომხდარ გაუგებრობას უკავშირდება.
გია ნოდიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითო კილოგრამი გაყიდული კარტოფილიდან 50 თეთრი თამაზაშვილების ოჯახს მიაქვს. ''ამხელა კაცი რამ გამოგა... მაგას თუ ვერ დაამტკიცებ, ღირსი არ იქნები, უკან გაგიკეთონ მთელი კარტოფილის მარაგი'' -ეს ტექსტი პრემიერის ცოლისძმამ პოლიტოლოგს პირადად მისწერა.
ნუნუკას ასევე ჰყავს ორი და. ნათია, რომელიც არჩევნების შემდეგ დაოჯახდა და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილას მთავრობის კანცელარია აქვს მითითებული, და უმცროსი და – მარიამი. ის სკოლის მოსწავლეა.
მიუხედავად წარმოშობისა, ნუნუკას სკოლა დედოფლისწყაროში არ დაუმთავრებია. მშობლიურ ქალაქში შვიდი წელი სწავლობდა. შემდეგ მამა სამუშაოდ თელავში გადაიყვანეს და შესაბამისად, ოჯახს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუხდა. როგორც ამბობენ, ნუნუკა თელავში პოპულარული გოგონა გახლდათ. გარეგნულად გამოირჩეოდა და ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა, მაგრამ მისი გული მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგო.
მათი სიყვარულის ამბავი დედოფლისწყაროში დღემდე აქტუალური თემაა. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან შეუყვარდა. მაშინ ირაკლის რაიონში ყველა იცნობდა, რადგან სკოლაში საუკეთესო და მოწესრიგებულ მოსწავლედ მიიჩნეოდა.