პროდიუსერს, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილს პატიმრობა 15-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა. გათავისუფლების შემდეგ მან მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა, "ფეისბუქზე" კი ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
"არასოდეს განმისხვავებია ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, არც პოლიტიკური, არც ფინანსური, არც ასაკობრივი და მოკლედ არანაირი ნიშნებით. ყოველთვის ვცდილობდი, ყველასთვის კომფორტული ადამიანი ვყოფილიყავი და ასეთი დისკომფორტი მოგაყენეთ (ვისაც გიყვარვართ, რა თქმა უნდა).
ყველას დიდი მადლობა, ვინც მხარი დამიჭირეთ, მე, ჩემს ოჯახს. ძალიან ბევრნი ხართ და მე ვამაყობ თქვენით და ბედნიერი კაცი ვარ… მე თქვენ ყველას გგრძნობდით იქ, სადაც ვიყავი.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ნაცნობს თუ უცნობს, ვინც მხარი დამიჭირეთ სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრი გადავიკითხე დადებითი და რა თქმა უნდა, უარყოფითს განსაკუთრებით გულისყურით გადავავლე თვალი, მათ ავტორებსაც. ჩემი თავი მამულიჩა მეგონა და თურმე პაბლო ესკობარი ვყოფილვარ…
მოკლედ, ყველას გინახულებთ და ჩაგეხუტებით, აქაც მოგწერთ, ცოტა დრო მჭირდება, უპასუხოდ არავის დაგტოვებთ… ყველაფერი კარგად იქნება. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვისთანაც შეხება მქონდა ამ ორი თვის განმავლობაში - ჩემი დაკავებიდან ჩემს დროებით გამოშვებამდე. ძალიან დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. პატიმრებს ყველას თავიანთ ოჯახებში დაბრუნებას ვუსურვებ. თავიანთ მშობლებთან, შვილებთან და მეუღლეებთან.
ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ლელას, რომელსაც, რა თქმა უნდა, უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის", - წერს კახა მამულაშვილი.