სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში წარმატებული კარიერა და კარგი გარეგნობა მოცეკვავე სალომე ჭაჭუას დიდი შრომის ფასად უჯდება. თითქმის მთელ დღეს სავარჯიშო დარბაზში ატარებს, რაციონსაც მკაცრად აკონტროლებს. ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში მოცეკვავემ ყოფილ პარტნიორზე, მაქს რიჟიკოვზე და იმაზეც ისაუბრა, თუ ვის ეძებს ახალ მეწყვილედ:
"მეწყვილის მონახვა ასეთი მარტივი არ არის. რაღაც ვარიანტებს განვიხილავ, მაგრამ ჯერ არაფერი მაქვს გადაწყვეტილი. მთავარია, კარგი და ცნობილი მოცეკვავე იყოს, რომელსაც სახელი ექნება დამკვიდრებული. გულით მინდა, 25 ან 50 საუკეთესო წყვილს შორის ცეკვავდეს".
- ასეთი ძლიერი მოცეკვავე საქართველოში ჩამოვა?
- ერთი ძალიან კარგი მოცეკვავე ვნახე, მსოფლიოს ნახევარფინალისტი, რომელიც საუკეთესო 12 წყვილს შორის არის შესული. იტალიაში ჩავედი და სინჯები მქონდა, მაგრამ გადაწყვიტა, შოუებში ეცეკვა, რადგან იქ მეტი ანაზღაურებაა. შეიძლება ძალიან კარგი მოცეკვავე იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ შევეწყოთ, ერთმანეთს ვიზუალურადაც უნდა შევესაბამებოდეთ, სიმაღლეში შევეფერებოდეთ. ისიც გასათვალისწინებელია, აქ რამდენად შეძლებს ცხოვრებას ან მე იქ წასვლას როგორ მოვახერხებ.
- მაქსთან წყვილში ცეკვამ რა შეგძინათ?
- ჩვენ დაახლოებით 2 წელი ვცეკვავდით ერთად: თვეში ორჯერ დავდიოდით ტურნირებზე, პირადი მწვრთნელი გვყავდა. როგორც საქართველოში მიცნობს საზოგადოება, ისე გამიცნო საზღვარგარეთ ცეკვის სფერომ. მაქსთან ერთად ჩემს ცეკვას საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დადებითი შეფასებები მოჰყვა. კარგ რეიტინგზე ვიყავით ასულები. ახლა თამამად ვამბობ, რომ ვეძებ კარგ მეწყვილეს ტოპიდან, რადგან მე უკვე კარგი სახელი დავიმკვიდრე. იხილეთ სრულად