საბჭოეთის დროის ერთ-ერთი და ალბათ, ერთადერთი საახალწლო განწყობის შემქმნელი ფილმი რუსი რეჟისორის, ელდარ რიაზანოვის ფილმი "ბედის ირონია, ანუ გაამოთ" არის.
სიყვარულსა და ბედისწერაზე შექმნილი ამ სურათის გარეშე მრავალი წელი არ არსებობდა საბჭოთა საზოგადოებისთვის ახალი წელი.
დღეს კი კლასიკად ქცეული კომედიური ფილმის საახალწლო ჩვენების გამო ლატვიაში არასახუმარო სკანდალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ სასიამოვნო რომანტიკულმა კომედიამ წლებთან ერთად პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინა.
ლატვიის საგარაო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ნორმუნდ ვასარინშმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ლატვიის საზოგადოება მხოლოდ მაშინ გახდება დასავლური, როცა ამ ფილმით აღარ აღფრთოვანდება და უყურებს ფილმებს, რომლებიც "არ არის დაბინძურებული საბჭოთა აზროვნებითა და ნოსტალგიით".
სტატუსმა უამრავი ცხარე კომენტარი და გამოხმაურება გამოიწვია. მაგალითად, ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელმა ილარიონ გირსმა სააგენტო "რია ნოვოსტის" განუცხადა, რომ დღეს ლატვიის მცხოვრებლებს მხოლოდ ნატვრა თუ შეუძლიათ ისეთ ცხოვრებაზე, რომელიც რიაზანოვის ფილმშია აღწერილი.
- იმაზე ნამდვილად არასოდეს მიფიქრია, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული, გახდება თუ არა ლატვიის საზოგადოება დასავლური, - განუცხადა სატელეფონო საუბარში ჟურნალისტებს რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა. – პრინციპში, ბატონი ვასარინში აბსოლუტურად მართალია.
მეც უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ჩემს ფილმს კიდევ და კიდევ, მრავალი წლის მანძილზე აჩვენებენ ახალი წლისა თუ სხვა დღესასწაულების აღსანიშნავად. ეს მართლაც უკვე შეუძლებელია! და მე ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ.
მოდი, რომელიმე ლატვიელმა რეჟისორმა გადაიღოს ახალი წლის განწყობის შესაქმნელი სასიამოვნო ფილმი, რომელსაც 30-40 წლის განმავლობაში შეუჩერებლად გაუშვებენ ტელეეკრანებით. ვფიქრობ, ნებისმიერი რეჟისორი ბედნიერი იქნება, თუ მის სურათს ეს ბედი ეწევა.
მასალის წყარო: RG.ru