კასპის რაიონის გამგებელი ოლეგ იაძისა და ამავე რაიონის მცხოვრები მარეხ ყამბეგაშვილის დუეტი დიდი ხანია, პოლიტიკურ-იუმორისტულ სახეს ატარებს. როგორ სერიოზულ თემაზეც არ უნდა იყოს მათ შორის კამათი, მარეხის გამონათქვამების წყალობით, ეს სიუჟეტი ან სოციალური ქსელის, ანდა იუმორისტული გადაცემების მთავარ თემად იქცევა ხოლმე.
შესაბამისად, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ გაიგო, რომ კასპის გამგებელი, ყოფილი სპორტსმენი ოლეგ იაძე იგივე "ქარიშხალი ოლეგაა".
ოლეგისა და მარეხის დაპირისპირების სრულ სპექტრს რომ გადავავლოთ თვალი, მარეხის მიერ ოლეგ იაძისადმი გამეტებულ უამრავ ეპითეტს ამოვიკითხავთ:
- აქამდე მეგონა, რომ სამბოში ვვარჯიშობდი. თურმე, ბრძოლა წესების გარეშეში მოვხვდი - სხვა ტატამზე მოვხვედრილვარ. კასპი არის "მე-13 რაიონი"...
- უნდა წავიდეს, მოცილდეს... ჯერ წავიდეს, სკოლაში იაროს, წერა-კითხვა ისწავლოს, მერე მეტყველების პედაგოგი დაიქირავოს, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი და... მერე ვნახოთ, თუ კიდევ ცოცხალი იქნება, სადაც უნდა, იქ იმუშაოს, ჩვენ ოღონდ თავი დაგვანებოს...
- ამერიკაში იცის "კატრინა", კასპში გვყავს ქარიშხალი "ოლეგა"...
- თვითმფრინავის ბოლივით გაქრა ოლეგა...
- ოლეგა-მრისხანე გამაგრდა თავის ქაჯეთის ციხეში...
- რა ვქნათ ახლა, ჩამოვლენ ექიმები, დავახვევთ და თუ რამე ეშველა... თუ არადა, ერთ კვირაში დავმარხავთ.
- კასპი იყო ჩალით დახურული. ოლეგ იაძემ ისეთი ქარიშხალი დაატრიალა, ხომ ხედავთ, უკვე წვიმს და ირეცხება კედლები. ქარბორბალა ტრიალებს კასპში ოლეგ იაძის სახით.
ყამბეგაშვილის მარგალიტებმა თვით შალვა ნათელაშვილის იუმორიც კი უკან მოიტოვა. სოციალურ ქსელში მისი მისამართით გაკეთებული კომენტარები ერთიორად სასაცილოა.
მაგალითად, ვანო ჯავახიშვილმა მარეხ ყამბეგაშვილს ცნობილი ტელევარსკვლავი და მოუსვენარი უწოდა, ხოლო კასპის გამგებელს - ოლეგა-მრისხანე.
გთავაზობთ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ სახალისო კომენტარებს:
ირაკლი ფარინდაშვილი: "მოიდა მარეხა, ოლეგა დაგერხა! - კასპური"
"მაია წყნეთელი, თინა წავკისელი, თამარ ვაშლოვნელი და მარეხა კასპელი:)"
"ქარიშხალი ოლეგ იაძე:) იმ ქერა ქალის ქმარი დამანახეთ"...
მანონი ოქრუაშვილი: "ასე მგონია, ოლეგას და მარეხას ბავშვობაში ერთმანეთი უყვარდათ".
გოგა ხაჩიძე: "კასპში ასე თუ გაგრძელდა, ამ შაბათ-კვირას ბავშვებს წავიყვან ექსკურსიაზე".
თიკო თვალაძე: "მარეხ ყამბეგაშვილს + ოლეგ იაძე= <3"
ნათია დოლიძე: "მადლობა "ქართულ ოცნებას" - ოლეგა და ეს ქალი რომ გაგვაცნო".
როგორ გაგრძელდება მორიგი პოლიტიკური სკანდალები კასპის ტატამზე, ამას დრო გვიჩვენებს.
იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:
- "ამერიკაში იცის კატრინა, კასპში გვყავს ქარიშხალი ოლეგა" - ჩაშლილი შეხვედრა გამგებელთან"
-თვითმფრინავის ბოლივით გაქრა ოლეგა ჩვენთვის - კასპში გამგებლის გადადგომას მოითხოვენ