ქორწინებასთან დაკავშირებით უამრავი ტრადიცია არსებობს - პატარძლის თაიგულის დაჭერა (ოღონდ კონკურენტს ცხვირ-პირი თუ არ დაამტვრიე, არ ითვლება), ჯვარნაწერ ბეჭედთან დაკავშირებული სპირიტული სეანსები, ნეფე-პატარძლის მიერ დამტვრეული თეფშის ნატეხების ბალიშის ქვეშ, საიმედოდ მოთავსება - მოკლედ, რა აღარ არსებობს, სულო და გულო, მაგრამ...
მაგრამ საქართველოში ქალწულ ქალიშვილებს იმდენად სწყურიათ გათხოვება (თუნდაც თავად არ იყვნენ "დღის გმირები"), რომ წყურვილის მოკვლის ახალ ხერხს მიაგნეს - პატარძლის ფეხსაცმლიდან განსხვავებულის დალევა! "დათხოვება" გარანტირებულია.
ფოტოები, რომლებიც სტატიას აქვს დართული, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დღეს გავრცელდა (ცალკე თემაა, ფოტოგრაფმა საერთოდ უნდა გამოაქვეყნოს თუ არა მსგავსი ფოტოები საჯაროდ).
ქართველი ქალწულები განვითარდნენ - ისინი ახალ საფეხურზე ავიდნენ! ნახმარი ფეხსაცმლით!
ვიღაც, ალბათ, იტყვის, რომ პატარძლის ფეხსაცმლიდან დალევა მისადმი პატივისცემის გამოხატვაა, მაგრამ, ალბათ, უჩემოდაც იცით, სხეულის რამდენად ბინძური ნაწილია ფეხი...
ან საერთოდ, რატომ უნდა ნიშნავდეს ფეხსაცმლიდან დალევა პატივისცემას (თუმცა ამ ვერსიას ერთ-ერთი ფოტო ამყარებს - ასაკიანი გათხოვილი ქალი, რომელიც ასევე ეწაფება "უჩვეულო სასმისს")?
ეჭვი მაქვს, რომ "მოწყურებულებმა" ფეხსაცმელი მას შემდეგ ჩაიგდეს ხელთ, რაც უკვე შეზარხოშებულმა პატარძალმა ფეხზე "გაიძრო" და "ტანც-პლოშადკა" "მარჯანჯას" ან "მეჟდუ ნამი ნიპაგოდას" ფონზე დაიპყრო (მიზანმიმართულად არ ვახსენე "მაია მულატკა", ყველა მაგას იხსენებს და რაღაც "სვეჟი" მინდოდა).
ქართულ ქორწილს ბევრი ცუდი, ძალიან ცუდი "ტრადიცია" ახლავს თან. არ მინდა, რომ გოგონების მიერ ფეხსაცმლიდან მირთმეული სასმელი არათუ ტრადიციად, არამედ ტენდენციად მაინც დამკვიდრდეს.
მალე, ალბათ, საქალწულე აპკის დარღვევის შედეგად დაღვრილ სისხლს დალევენ პატივისცემის ნიშნად. ამაზრზენად ჟღერს, ხომ? შეხედეთ ფოტოებს და მითხარით - რაღა გვიკლია?
p.s. იმედი მაქვს, ფეხსაცმელი მის არამიზნობრივ მოხმარებამდე სველი ხელსახოცით მაინც გაწმინდეს. მაინც მთელი დღე ეცვა ფეხზე პატარძალს... უხერხულია. თუმცა ზუსტად არ ვიცი, მინდა თუ არა ამის ცოდნა.
ქეთო პატარქალიშვილი