"რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უფრო ძლიერია, ვინ უფრო ლამაზი და ვინ უფრო მდიდარი? საბოლოო ჯამში ხომ მთავარი ის არის, ბედნიერი ადამიანი ხარ თუ არა".
ოშო – ინდუსი გურუ, მისტიკოსი და სულიერი მოძღვარია. მთელ მსოფლიოში ის უფრო ცნობილია, როგორც ბაგვან შრი რაჯნიში. ამ სახელით გამოვიდა მისი 600-ზე მეტი წიგნი და ითარგმნა 30 ენაზე.
აი, ოშოს 10 სიბრძნე, რომელიც მისი წიგნებიდან არის ამოკრებილი:
1. ადამიანები ყველაფერს ისეთი სერიოზულობით იღებენ, რომ ეს მათთვის ტვირთი ხდება. ისწავლეთ, მეტი იცინოთ. ჩემთვის სიცილი ისეთივე სიწმინდეა, როგორც ლოცვა.
2. ყოველ ქმედებას შედეგი მოაქვს. უბრალოდ, იყავით უფრო დაკვირვებული. ზრდასრული ადამიანი ის არის, ვინც ეძება და იპოვა საკუთარი თავი, გაიგო, რა არის მისთვის მართებული და არასწორი, რა არის კარგი და რა - ცუდი და რადგან მან ეს თავად მოახერხა, მან უდიდესი ავტორიტეტი შეიძინა: თუნდაც მთელი სამყარო სულ სხვას ამტკიცებდეს, მისთვის მაინც არაფერი შეიცვლება. მას აქვს საკუთარი გამოცდილება, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და ეს საკმარისია!
3. თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. არასოდეს არავის ჰკითხოთ, რა არის სწორი და რა არასწორი. ცხოვრება – ექსპერიმენტია, რომლის მიმდინარეობის დროსაც უნდა გავიგოთ, რა არის მართებული და რა არა. ხანდახან ისეც შეიძლება მოხდეს, რომ არასწორად მოიქცეთ, მაგრამ ეს შესაბამის გამოცდილებას მოგცემთ, საიდანაც მაშინვე სარგებელს მიიღებთ.
4. არსებობს მომენტები, როცა ღმერთი მოდის და თქვენს კარზე აკაკუნებს. სწორედ ეს არის სიყვარული – ღმერთი, რომელიც თქვენს კარზე აკაკუნებს. ქალის, მამაკაცის, ბავშვის, სიყვარულის, ყვავილის, დაისისა თუ აისის სახით... ღმერთი მილიონი სახით მოდის.
5. სურვილი, იყო არაჩვეულებრივი – ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სურვილია, მაგრამ მოდუნდე და იყო ჩვეულებრივი – ეს მართლაც არაჩვეულებრივია.
6. ცხოვრება – საიდუმლოა. მისი წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ იცხოვრონ წინასწარ ნაკარნახევი ცხოვრებით, რადგან ამ შემთხვევაში შიში არ ექნებათ. ყველაფერი გარკვეული იქნება და არაფერი – საყოყმანო.
7. თავდაპირველად განმარტოვდით. დასაწყისისთვის საკუთარი თავისგან სიამოვნების მიღება ისწავლეთ. თავდაპირველად გახდით იმდენად ბედნიერი, რომ მნიშვნელობაც არ ჰქონდეს, არსებობს თუ არა ვინმე თქვენთან ერთად; ამ შემთხვევაში თქვენ სავსე ხართ, გადავსებულიც კი. და თუ არც არავინ მოვა, მაინც ყველაფერი კარგად იქნება – არაფერს დაკარგავთ. არც არასოდეს დაელოდოთ, რომ ოდესღაც ვინმე მოგადგებათ კარზე. თქვენ სახლში ხართ. თუ ვინმე მოვა – კარგია, შესანიშნავი; თუ არავინ მოვა – მაინც კარგია და შესანიშნავი. მაშინ თქვენ შეძლებთ, თავად წახვიდეთ ურთიერთობაზე და ამ შემთხვევაში თქვენ იქნებით ბატონი და არა ყმა, იმპერატორი და არა ღატაკი.
8. თუ მდიდარი ხართ, არ იფიქროთ ამაზე. თუ ღარიბი ხართ – არ მიიღოთ ეს სერიოზულად. თუ შეგიძლიათ იცხოვროთ ისე, რომ აღიქვათ ცხოვრება სპექტაკლად, თქვენ თავისუფალი იქნებით, ტანჯვა არ შეგეხებათ. ტანჯვა – ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების შედეგია, ნეტარება კი – თამაშის შედეგი. აღიქვით ცხოვრება თამაშად, დატკბით სიცოცხლით.
9. გამბედაობა – ეს ყველანაირი შიშისგან დამოუკიდებელი უცნობი ქმედებაა. გამბედაობა – ეს უშიშარობა არ არის. უშიშარი მაშინ ხდები, როცა კიდევ და კიდევ ბედავ. უშიშარობა – გამბედაობის უმაღლესი განცდაა. მაგრამ დასაწყისში მხდალსა და გაბედულს შორის არც ისე დიდია სხვაობა. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მხდალი ყურს უგდებს თავის შიშებს და მიჰყვება მათ, ხოლო გამბედავი შიშებს გვერდზე ტოვებს და წინ მიიწევს. გამბედავი მიდის წინ, მიუხედავად ყველა შიშისა.
10. თქვენ ყოველ წუთს ცვალებადი ხართ. თქვენ – მდინარე ხართ. დღეს ის ერთი მიმართულებით და ერთი კლიმატით მიედინება, ხვალ – მეორე. მე არასოდეს მინახავს ერთი და იგივე სახე ორჯერ. ის იცვლება, ის გამუდმებით იცვლება. მაგრამ ეს რომ დაინახოთ, უნდა გქონდეთ გამჭოლი მზერა. სხვაგვარად ყველაფერს მტვერი ედება და მოძველებული რჩება; გგონია, რომ ეს ყველაფერი უკვე იყო.
მოისმინეთ აზრიანად. გააღვიძეთ საკუთარი თავი. როცა მიხვდებით, რომ ყველაფერი მოგბეზრდათ, გამოაფხიზლეთ საკუთარი თავი. საკუთარი თავი და არა სხვა. ფართოდ გაახილეთ თვალები.
ის, ვისაც შეუძლია ბედნიერი იყოს მარტოობით, შემდგარი პიროვნებაა. თუ თქვენი ბედნიერება სხვებზეა დამოკიდებული, თქვენ მონა ხართ, თავისუფალი კი არა, უღელშებმული ხართ.
ოშო