სტალკერი გოგონა გამოგონილი სამყაროდან - Marao

სტალკერი გოგონა გამოგონილი სამყაროდან

2017-08-07 11:22:59+04:00

მარკესს აქვს ნათქვამი, თუ შენი ნაწერი ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრის, ესე იგი, წერის უფლება გაქვსო. რა სჭირდება კარგ მწერალს? ცოცხალი სიუჟეტი, ფანტაზია, თხრობის მსუბუქი სტილი და... მარჯვე ხელები...

საიტზე marao.ge, უცნობი ავტორის ბლოგზე ერთი პერიოდი აქტიურად ქვეყნდებოდა "გათხოვილის დღიურები", მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო ამ ნაწარმოების ავტორი. გამოგონილ ამბავს საოცარი პოპულარობა ხვდა წილად. ბოლოს, მკითხველთა დაჟინებული თხოვნით, ავტორის ვინაობაც გამჟღავნდა - იგი ჟურნალისტი თეა ინასარიძე აღმოჩნდა.

მისი დიდრონი თვალები წერის სიყვარულს ვერ მალავს. 10 წლის იყო, როდესაც შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“ წაიკითხა და ის ემოციები დღემდე არ ავიწყდება. უყვარდა მაინ რიდის, ჟიულ ვერნისა და სხვათა სათავგადასავლო რომანები. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა დღიურს აწარმოებდა და დრო ამით გაჰყავდა. არადა, რთული პერიოდი იდგა - უშუქობა, ქაოსი და, რაც ნიჭიერი ადამიანისთვის აუცილებელია - უინტერნეტობა. დღიურების შემდეგ თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებისა და თავგადასავლების წერას შეუდგა, მაგრამ არავის აკითხებდა.

დაახლოებით 15 წლის იქნებოდა, წერის სერიოზულმა სურვილმა რომ "შეაწუხა". ეს ის დრო იყო, თსუ-ში, სარეჟისორო ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსზე რომ ჩააბარა. რეჟისურის საფუძვლებს ლევან კიტია ასწავლიდა და აბიტურიენტებს საინტერესო დავალებებს აძლევდა. როცა თეა თავის ნაწერს წაიკითხავდა, ლექტორს ხშირად ეცინებოდა. ერთხელ შავი კომედია დაწერა, იუმორით მოთხრობილი თრილერი. ამაზე ბევრი იცინეს და თეას ხუმრობით „ტარანტინოც“ კი შეარქვეს.

მერე მიხვდა, რომ მის მიერ დაწერილს რაღაც აკლდა... და ეს რაღაც სიმძაფრის ნაკლებობა იყო. გადაწყვიტა, დაეწერა ისეთი ისტორია, რომლის წაკითხვა სხვებსაც დააინტერესებდა... ასე დაიბადა პირველი მოზრდილი ნოველა, „ღამურების სახლი“ - ფანტასტიკა მისტიკის ელემენტებით. წერის პროცესში აღმოაჩინა, რომ ეს ჟანრი მისთვის ძალიან ახლობელი იყო.

სწორედ ლევან კიტიას უმადლის, რომ წერა შეუყვარდა და კალამი ხელში "მყარად უჭირავს".

„ოცდამეხუთეს ეფექტი“ (რომანი, დეტექტივი); „ლაბირინთი“ (რომანი, დეტექტივი); „მდუმარე სასტუმრო“ (რომანი, დეტექტივი, ფენტეზი, მისტიკის ელემენტებით) და „ღამურების სახლი“ (ფანტასტიკა მისტიკის ელემენტებით). ასევე, რამდენიმე ნოველა, მათ შორის - სათავგადასავლო, სახელწოდებით „თამაში“ (რეალითი–შოუს ელემენტებით) - მისი შემოქმედების არცთუ მცირე ჩამონათვალია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჟანრში მოსინჯა ძალები, დარწმუნებულია, რომ დეტექტივები უფრო იზიდავს. მის დეტექტივებს ბევრი მკითხველი ჰყავს. სიუჟეტის განვითარების დროს მოულოდნელი ეპიზოდების ჩართვას აზარტში შეჰყავს. ყოველი რომანის ხელწერა სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. "ჩემი წერის სტილი ლაბირინთს ჰგავს. მიყვარს სიუჟეტის ჩახლართვა და ინტრიგა, რომელიც ჩემს ყველა ნაწარმოებს ყოველთვის გასდევს. ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ და ექსპერიმენტების არ მეშინია", - ამბობს დიდრონთვალება და ლამაზღიმილიანი ახალგაზრდა მწერალი.

იდეა კი მოდის და მოდის. ყოფილა შემთხვევა, საინტერესო სიზმარი გამხდარა მისი ინსპირაციის წყარო, არც ფანტაზიას უჩივის, ამ მხრივ საკმაოდ "მდიდარია". სანამ ძილი ეწვევა, ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს. ათასნაირი სიუჟეტი უტრიალებს თავში, თანმიმდევრობას ალაგებს, მერე რაღაც არ მოეწონება და შეცვლის, მერე უცებ ახალი იდეა გაჩნდება - ჩახლართვის, მოულოდნელობის ეფექტით, ახლა იმას დაამუშავებს... ბევრჯერ ისეთი შემთხვევაც ყოფილა, კარგი იდეა მოსვლია, მაგრამ ადგომა დაზარებია, რათა ჩაეწერა. დილით კი ვეღარ გაუხსენებია. შემდეგ "ჭკუა ისწავლა" - საწოლთან, ტუმბოზე, დღემდე უდევს პატარა „იდეების ბლოკნოტი“, რომელშიც საინტერესო დეტალებსა და ფაბულებს იწერს ხოლმე.

თავის გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, პოსტ-აპოკალიფსი სუფევს. თვითონ სტალკერი გოგოა და ნახევრად დაცარიელებულ დედამიწაზე დაეხეტება. დროდადრო საინტერესო პერსონაჟები ხვდება და ერთად იბრძვიან გადარჩენისთვის. იქ ცხოვრება დაძაბული და ბევრად საინტერესოა, ვიდრე აქ, რეალურ სამყაროში, სადაც მხოლოდ მისთვის საინტერესო ადამიანებს აქვთ სტუმრობის უფლება. რეალურ სამყაროშიც ხშირად დაეხეტება მიტოვებულ ბუნკერებსა და გვირაბებში, სადაც თავს სხვანაირად გრძნობს ხოლმე - თითქოს სხვა სამყაროში მოხვდა... თავის გამოგონილ სამყაროში...

რომანტიკოსი და მეოცნებე ადრე ვიყავი, მაგრამ იმდენჯერ დავენარცხე მიწაზე, რომ მივხვდი, ფრთები კარგს არაფერს მომიტანდა. შევიცვალე. ძველ თეას რომ ვიხსენებ, ასე მგონია, სხვა ადამიანია... ახლა უფრო რეალისტი ვარ, მშვიდი. ვცდილობ, ყველაფერს რაციონალურად მივუდგე და ემოციებს არ ავყვე. მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, უმნიშვნელოსიც კი. ზოგადად, გაწონასწორებული ვარ. არ მიყვარს ხალხმრავლობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა ცოტათი მძაბავს. სიმშვიდე მიყვარს და სიამოვნებას განმარტოებაც მანიჭებს. უფრო ინტროვერტი ვარ, ალბათ... - დამნაშავესავით იღიმის.

რთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ამიტომ წერისთვის ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, უფრო ღამის საათებში წერს. რადგან მისი რომანები ეპიზოდებად იდებოდა საიტზე, კვირაში ორი ეპიზოდის დაწერა უწევდა, რაც ძალიან რთული იყო. სიუჟეტის განვითარებას გზადაგზა იგონებდა. წერის ინდივიდუალური სტილი აქვს... ბევრს უთქვამს, ავტორი სტილით ვიცანიო, რაც უსაზღვროდ ახარებს და სტიმულს უძლიერებს. ახლა ახალ წიგნზე მუშაობს, მაგრამ არ ამხელს, რას გვიმზადებს. ამბობს, ჯერჯერობით საიდუმლოდ შევინახავო. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ახალი რომანი ქართული ფანტასტიკა იქნება. სხვათა შორის, იდეა მისი პირველი წიგნის დიზაინერს მიუწოდებია და იმედოვნებს, რომ გაუმკლავდება.

მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ გაუმკლავდება და რომანი ძალიან კარგი გამოუვა. მას ხომ მკითხველის მოლოდინი არასდროს გაუცრუებია.

დაველოდოთ ახალ რომანს, რომელსაც გვპირდება ნიჭიერი მწერალი.

ტექსტი სვეტა კვარაცხელია

ფოტო გიორგი ჟამერაშვილი

"ბომონდი" - აგვისტოს ნომერი

წყარო: beaumonde.ge