ზამთარში მოწყენილობის გასაქარვებლად სულ უფრო ხშირად გაგვირბის ხელი კანფეტისკენ, კრეკერისკენ, გლინტვეინისკენ... მათში კი ბევრი შაქარი, კალორიაა. დეპრესიასთან ბრძოლით შეგვიძლია რამდენიმე კილო მოვიმატოთ და საყვარელ ჯინსში ვეღარ ჩავეტიოთ. მაგრამ თუ ამ 10 რჩევას გაითვალისწინებთ, ზამთარში ზედმეტი წონის აკრეფა არ გემუქრებათ.
1. მიირთვით წვნიანები
პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დამტკიცეს, რომ წვნიანი კუჭს დანაყრების შეგრძნებას დიდი ხნით უქმნის. უპირატესობა დაბალკალორიულ, ბოსტნეულის წვნიანებს მიანიჭეთ.
2. სამოსი
ნუ ჩაიცვამთ ტომარისმაგვარ, ფართხუნა სამოსს. მასში წონის მომატებას ვერ შეამჩნევთ. უმჯობესია, მომდგარი ტანსაცმელი შეარჩიოთ, რომელშიც 1 სმ-ის მომატებასაც ადვილად დაინახავთ.
3. იარეთ ფეხით
ზამთარმა და მზის ნაკლებობამ შეიძლება ცუდ განწყობაზე დაგაყენოთ, რაც აქვეითებს სეროტონინის დონეს და მადის მომატებას იწვევს. ეცადეთ, ყოველდღიურად 15 წუთი ფეხით ისეირნოთ. სინათლის დოზასაც აინაზღაურებთ და ფეხებიც გაგიხდებათ.
4. სწორი ნახშირწყლები და ნაკლები ყავა
ორცხობილა, თეთრი პური და თეთრი ფქვილის ნაწარმი მარცვლოვანი, უხეშად დაფქული პურით ჩაანაცვლეთ.
ეცადეთ, რძიანი ყავა, კაპუჩინო ან ცხელი შოკოლადი დაივიწყოთ. ლატეს პორცია 265 კალორიას შეიცავს, შოკოლადი - 448-ს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კოფეინის სიჭარბე ორგანიზმს ცხიმის დაგროვებისკენ მოუწოდებს. გათბით ბალახების, ხილის ან მწვანე ჩაით. აქ არც კოფეინია, არც კალორიები.
5. დაასაქმეთ ხელები და ფეხები
ტელევიზორთან მოკალათებულს ხელი სასუსნავისკენ რომ არ გაგექცეთ, ისწავლეთ ქარგვა, ქსოვა, კროსვორდებისა და თავსატეხების ამოცნობა. ისწავლეთ ცეკვა. ის სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და კალორიების დაწვაშიც დაგეხმარებათ. იცით, რომ 1-საათიანი ”სალსა” 380-ს, ხოლო სამეჯლისო ცეკვები 350 კალორიას წვავს?..
6. ნარინჯისფერი პროდუქტი
სპეციალისტების აზრით, ნარინჯისფერი პროდუქტი ადამიანს ენერგიით ავსებს. საბედნიეროდ, ნარინჯისფერი პროდუქტები (ფორთოხალი, მანდარინი, სტაფილო, მანგო, გოგრა) დაბალკალორიულიცაა.
7. ფიზიკური აქტივობა
კალორიების დასაწვავად, სპორტდარბაზშიც ივარჯიშეთ და სახლშიც. თუ ვერ ახერხებთ, ბავშვებთან ერთად სპორტულ თამაშებში ჩაერთეთ.
8. მეტი წიწაკა
უპირატესობა მექსიკურ და ინდურ სამზარეულოს მიანიჭეთ, სადაც უხვად იყენებენ ცხარე წიწაკას. მწარე სანელებელი აჩქარებს გულის რიტმს და ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
9. სიყვარული
სექსს უქმეებისთვის ნუ გადადებთ, მხურვალე ჩახუტება ბედნიერების ჰორმონის წარმოქმნას უწყობს ხელს. თანაც, სექსის დროს კალორიებსაც დაწვავთ.
10. ცილა
გაამდიდრეთ რაციონი ტრიპოფანით მდიდარი პროდუქტით: უცხიმო საქონლის, ქათმის, ინდაურის ხორცი. თევზი, კვერცხი, ყველი, თხილეული და მარცვლეული.