"დუკანის დიეტა" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და შედეგიანი დიეტაა, თუმცა მას ყველა თავისებურად ცვლის. რა დაამატა ქართველმა გოგონამ, თამუნა გოგეშვილმა დიეტას და რა შედეგი მიიღო, ამ და სხვა კითხვებით მიმართა marao . ge-მ მას და თამუნამაც თავისი გამოცდილება დაუზარებლად გაგვიზიარა:
თამუნა გოგეშვილი:
- უამრავი დიეტა მიცდია, ენდოკრინოლოგებთანაც ვყოფილვარ, დიეტოლოგებთანაც და სხვადასხვა ცნობილი კურსებისთვისაც მიმიმართავს, მაგრამ ჭარბ კილოგრამებს ვერაფერს ვუხერხებდი. "იო-იოს" ეფექტიც გამომიცდია. 120 კილო ვიყავი, როცა მივაგენი დიეტას, რომელმაც 30 კგ დამაკლებინა. 3 თვე დაურღვევლად ვიცავდი "დუკანის დიეტას", როგორც პირველ წყაროშია, თითქმის ისე.
მხოლოდ ერთ ინგრედიენტს ვამატებდი, ეს იყო ხილი დღის პირველ ნახევარში. ვჭამდი 1-2 ცალ ვაშლს, მანდარინს, ქლიავს... ვფიქრობ, ეს დარღვევას არ ნიშნავს. ამაზე მეტყველებს ჩემი შედეგიც. სამ თვეში უკვე 90 კგ ვიყავი და წარმოიდგინეთ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა რაღაცები ვერ გავთვალე. დავამთავრე თუ არა დიეტა, მაშინვე კვების ჩვეულებრივ რაციონს დავუბრუნდი. პირველი სამი თვე გრამი არ მომიმატებია და ამან კიდევ უფრო გამათამამა. მოგეხსენებათ, ნებისყოფა არც ისე მარტივი სამართავია და მეც სულ უფრო და უფრო მეტს ვჭამდი. ეს სამი წლის წინ იყო. ახლა კილოგრამებიც ავკრიფე და გადავწყვიტე, ამ შეცდომის გამოსწორებისთვის კვლავ ბრძოლა დამეწყო. ამჯერად მინდოდა ეს სხვებთან ერთად გამეკეთებინა და ჩემი გამოცდილებით მათაც დავხმარებოდი.
ამიტომაც „ფეისბუქზე“ შევქმენი ჯგუფი „ „დუკანის დიეტა თამუჩუნიასთან ერთად“, სადაც ყველაფერია ამ დიეტის შესახებ, დიეტოლოგების რეკომენდაციები, რეცეპტები. ჩემს გოგონებს ვაძლევ გამოსადეგ რჩევებს, ვაკონტროლებ მათი კვების რაციონს და ვცდილობ, მოდუნების საშუალება არ მივცე. მინდა, მათ არ დაუშვან ის შეცდომები, რაც მე დავუშვი. სხვათა შორის, დიეტოლოგზე მეტი გამოცდილება მათ აქვთ, ვისაც თვითონ ჰქონია წონის პრობლემა. მეც ჩემი დაკარგული დროის ასანაზღაურებლად და „ნაპოვნი“ კილოგრამების წინააღმდეგ ვიწყებ ბრძოლას. ძალიან ბევრია ჩემი ჯგუფის წევრებს შორის ისეთი, ვინც 30-50 კილოგრამი დაიკლო. სალომ სამ თვეში 35 კგ დაიკლო, ქალბატონმა ნინომ - 50.