„დიეტის დარღვევა არათუ დასაშვები, აუცილებელიცაა“, - განაცხადა დიეტოლოგმა ხათუნა გურეშიძემ marao.ge-სთან საუბრისას. ხათუნა პროფესიით პედიატრია. მეოთხე წელია, რაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია შეითავსა და სწორი რაციონის შედგენაში არაერთ ქალბატონს დაეხმარა. ის განსაკუთრებულ მეთოდებს არ იყენებს, თუმცა საინტერესო და უჩვეულოა მისი მიდგომა. ჩვენთან საუბრისას ხათუნამ არაერთხელ აღნიშნა, რომ პაციენტებთან ლოიალურია:
- ჩემი დიეტა მხოლოდ კალორიების თვლას ეფუძნება. ყველა ადამიანს სიცოცხლისა და ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის დღის განმავლობაში სჭირდება გარკვეული კალორაჟი (კალორიების რაოდენობა). ეს რაოდენობა ითვლება ინდივიდუალურად (ჯანმრთელ ადამიანზე) ასაკის, სქესის, წონის და ფიზიკური დატვირთვის მიხედვით. არსებობს სპეციალური ფორმულები და გამოთვლის შედეგად ვიღებთ კონკრეტულ რიცხვს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი კკალ სჭირდება კონკრეტულ ადამიანს 24 საათის განმავლობაში…ამის შემდეგ უბრალო მათემატიკაა. თუ ამ რიცხვზე ნაკლებ კალორიას მივიღებთ, წონაში დავიკლებთ. თუ მეტს - წონაში მოვიმატებთ... აქ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვა გზით კალორიების ხარჯვა, იგივე დაწვა, ვარჯიშის, შესრულებული სამუშაოს და ბევრი სხვა გზით, რაც გახდომას ეხმარება..
ამ გზით კვირაში საშუალოდ, 2 კგ-ს ვიკლებთ. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული: რამდენად დიდია საწყისი წონა, როგორია ფიზიკური დატვირთვა, დავარღვევთ თუ არა...
რა არის თქვენი, როგორც დიეტოლოგის მთავარი კრედო?
- არ გვაქვს აკრძალვები.
- ვარღვევთ ხოლმე.
- არ გვაწუხებს შიმშილის გრძნობა.
- თუ გვშია, არ ვუყურებთ საათს.
ამბობთ, რომ პაციენტებს დიეტის დარღვევის უფლებას აძლევთ. რატომ?
- დარღვევა არათუ დასაშვები, აუცილებელიც კია. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:
- ადამიანს ფსიქოლოგიურად უჭირს, როცა რაიმე ძალიან უნდა და ვერ ჭამს, ისტრესება და მალევე სწორედ ამის გამო ანებებს დიეტას თავს.
- როცა ორგანიზმი ეჩვევა დიეტას და ცდილობს, "თავი დაიცვას" კალორიების ხარჯვისგან, ნელდება ნივთიერებათა ცვლა და ინახავს მათ. შესაბამისად, იკლებს ან ნელდება, ან საერთოდ ჩერდება (ე.წ. წონის გაყინვა). ორგანიზმს "ჰგონია", რომ დიეტური რეჟიმი დამთავრდა და ისევ კალორიების გაძლიერებულ ხარჯვაზე გადადის. შედეგად, წონის კლებაც იწყება.
გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ასუქებს ცომეული, ცხიმი, ტკბილი და არ ასუქებს ხილი, ბოსტნეული... რამდენად სამართლიანია ასე გადაჭრით თქმა?
- არ არსებობს ტერმინი "ეს ასუქებს"... კვებისას მნიშვნელოვანია, რამდენს ვჭამთ და არა ის, თუ რას ვჭამთ. ჩემს დიეტაში დაშვებულია ხაჭაპურიც, ხინკალიც, შოკოლადიც, ნამცხვარიც და ა. შ. თუმცა, რა თქმა უნდა, კალორაჟის გათვალისწინებით და არა ხშირად. ჩვენ ვიცით (ვპოულობთ) ყველა პროდუქტის კალორიულობა. ვითვლით და ვიკვებებით ისე, რომ ჩვენს კუთვნილ კალორაჟში ჩავეტიოთ.