„ყოველი დილა უარყოფითი ემოციებით იწყებოდა, რადგან ვიცოდი, სკოლაში უნდა წავსულიყავი.
ვიჯექი მარტო, არავისთან კონტაქტი არ მქონდა და ერთი სული მქონდა, გაკვეთილები მალე დამთავრებულიყო“, - ეს პროექტ „საქართველოს ვარსკვლავის“ ასაკით პატარა, თუმცა დიდი გამოცდილების გოგონას, ნათია ნანობაშვილის სიტყვებია. კარიერას ახლა იწყებს, მანამდე კი ბულინგისთვის თავის დაღწევა და ჭარბ კილოგრამებთან ბრძოლა მოუწია. ნათიამ MARAO.GE-ს თავისი ამბავი მოუყვა და გამოცდილებაც გაუზიარა:
- წონაში აქტიური მატება დაიწყო 4 წლის წინ და 14 წლის ასაკში უკვე 125 კილოგრამს ვიწონიდი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ასაკის ბავშვისთვის ძალიან რთულია ნებისყოფის გამოჩენა და შეზღუდვების თვითნებურად დაწესება, გადავწყვიტეთ, ენდოკრინოლოგისთვის მიგვემართა. ასეთ შემთხვევაში მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი და საჭმელსაც მარტივად შეველეოდი. 1 წლის განმავლობაში დავიკელი 38 კილოგრამი.
რა თქმა უნდა, მქონდა სუსტი მომენტებიც და ვარღვევდი დიეტას, მაგრამ ამას სისტემატური სახე არ ჰქონია. ჩემი დიეტა იყო გამოკვლევების შედეგად დანიშნული და მორგებული ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შეძლებისდაგვარად ვიკვებებოდი საათობრივად, მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტებით. მაგალითად: უმარილოდ მოხარშული ხორცი, ნებისმიერი სახის ბოსტნეული, მოხარშული კვერცხი, ხილი (გარდა ყურძნისა, კარალიოკისა და ლეღვისა) და რძის პროდუქტები (გარდა არაჟნისა). ჩემი წონის შესაბამისად, დღეში 4 ლიტრ წყალს ვსვამდი და ფეხით გავდიოდი 10 კილომეტრს. თავიდან ძალიან მიჭირდა უმარილო და უგემურ საჭმელთან შეგუება. ამიტომ გადავწყვიტე, მოტივაციის შესანარჩუნებლად რაღაცნაირად გამეგემრიელებინა კერძები, ამისთვის კი სოიოს სოუსს ვიყენებდი და რაც მთავარია, არ ვშიმშილობდი. ვფიქრობ, ამაზე ცუდს ვერაფერს გავუკეთებთ ორგანიზმს.
მახსოვს ერთი შემთხვევა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღისთვის კაბას ვეძებდი. მაღაზიებში უშედეგოდ სიარულის შემდეგ, დაღლილი და გაღიზიანებული მაინც იმედიანად შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში, რომელშიც მომუშავე კონსულტანტმა დამცინავად მითხრა, რომ ჩემი ზომის ტანსაცმელი მათ მაღაზიაში არასდროს არ იყო და არც იქნებოდა. აი, სწორედ მაშინ გავბრაზდი საკუთარ თავზე და გადავწყვიტე, რომ თუ სხვებმა შეძლეს, ესე იგი, ჩემი მიზანი არ იყო არარეალური და მე ამას აუცილებლად შევძლებდი.
მიზანთან ძალიან ახლოს ვარ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი, პრიორიტეტებიც გადავაფასე და მივხვდი, რომ ზედმეტი წონა ჯანმრთელობას ვნებს და არა სილამაზეს. მე უბრალოდ ვერ შევძელი 125-კილოგრამიანი ნათიას შეყვარება, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური პრობლემები. ბუნებრივია, პირველ რიგში, თავად უნდა სცე საკუთარ თავს პატივი, რომ გარშემომყოფებისგანაც იგივე იგრძნო. მე ვფიქრობ, რომ უნაკლო და ყველასათვის იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ასევე მგონია, რომ ადამიანების აგრესიისა და უსამართლო ქმედებების უკან მათი ფსიქოლოგიური ტრავმები დგას. მე ვიტყოდი, დავფიქრდეთ, დავუფიქრდეთ ჩვენს ყოველ სიტყვასა თუ ქმედებას და არათუ განზრახ, ვეცადოთ, გაუაზრებლად და დაუფიქრებლადაც ნუ მივაყენებთ ერთმანეთს ფიზიკურ თუ მენტალურ ზიანს.
რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა იგივე გზას გადის, რაც შენ გაიარე, როგორ გაამხნევებდი? - აბსოლუტურად ყველაფერია შესაძლებელი, თუ არსებობს მიზანი. ძლიერი სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა და იმედი. პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ საოცარი გრძნობაა, როდესაც საბოლოოდ ვდგავარ სარკის წინ და ვგრძნობ, რომ აშკარად მომწონს საკუთარი თავი და ვამაყობ ჩემი გამძლეობით. მხოლოდ ამ წამებისთვის ღირდა ეს 1 წელი. ასევე გეტყვით, რომ დიეტისთვის გამომუშავებული ნებისყოფა ჩემ მიერ წამოწყებულ სხვა საქმეებშიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ძალიან მეხმარება ახლაც. ამიტომ, არ შეუშინდეთ პრობლემებს და მუდმივად გახსოვდეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ!
„საქართველოს ვარსკვლავი“ ჩემთვის პირველი პროექტია, აქამდე არც ერთ სიმღერის კონკურსში არ მიმიღია მონაწილეობა. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების თვალსაზრისით. ბედნიერი ვარ, რომ პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა და ვფიქრობ, სწორედ „საქართველოს ვარსკვლავი“ დამეხმარება კომპლექსების გადალახვაშიც და ვიცი, რომ თავდაჯერებულობაც მომემატება, რაც ამ სფეროში წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია. გულით მჯერა, რომ ეს პროექტი არის გზა ახალი, ფერადი, ძალიან საინტერესო და საოცნებო ცხოვრების დასაწყისისკენ...