საქმიან ქალებს, დიასახლისებს, დედებსა და თინეიჯერებს ხშირად ერთი საერთო პრობლემა - მუცლის ცხიმი აწუხებთ. მისი მოშორება კი ცოტა რთული საკითხია. უსაფუძვლო დიეტები, დანგრეული ნერვული სისტემა და დახარჯული დრო უკვე წარსულს ჩაბარდა. მუცლის ცხიმის გასაქრობად რამდენიმე სწორი რჩევა და დრო გჭირდებათ. დრო თქვენ უნდა აკონტროლოთ, რჩევებს კი ჩვენ მოგცემთ.
ნახეთ 5 რჩევა, როგორ გაიქროთ მუცლის ცხიმი
შაქარზე უარის თქმა
ხომ გაგიგიათ, რომ ამბობენ, შაქარი თეთრი კიბოაო. ეს ნაწილობრივ ასეა. შაქარი ჩვენი ორგანიზმის ტკბილი მტერია, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა გავაქროთ კვების რაციონიდან. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენ სვამთ ნაყიდ ,,ნატურალურ“ წვენს, იმაზე მეტ კალორიას იღებთ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ყველა ტკბილი პროდუქტი, რომელიც ბუნებაში არ მოიპოვება, დანამატის სახით შაქარს შეიცავს, რომელიც მიღებიდან მალევე მუცლის ცხიმში გადადის და მყარად იკიდებს ფეხს.
ორგანიზმის ჰიდრირება
წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომ არის, ეს ყველამ იცის, თუმცა მას მუცლის ცხიმის გაქრობა შეუძლია. დალიეთ დღეში 8 ჭიქა წყალი, რაც საშუალოდ 2.5 ლიტრი გამოდის და ნახავთ, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი ტოქსინები გამოიდევნება და მალე თქვენი მუცლის ცხიმიც კლებას დაიწყებს. დალიეთ წყალი საკვების მიღებამდე, არ დალიოთ კვების დროს, ხოლო როდესაც მორჩებით, დაიცადეთ 10-15 წუთი და შემდეგ განაგრძეთ წყლის სმა.
კარგი იქნება, თუ ალკოჰოლის მიღებას შეამცირებთ. ის ცხიმებთან კარგად მეგობრობს, ალკოჰოლი ორგანიზმიდან წყალს გამოდევნის და მომდევნო დილას სხეული გამომშრალი და დეჰიდრირებულია.
ფეხით სეირნობა
აი, კიდევ ერთი გზა, როგორ შეიძლება მუცლის ცხიმს საბოლოოდ დავემშვიდობოთ. ყოველდღე, 30 წუთი ფეხით სიარული ამ პრობლემას მოგიგვარებთ. სეირნობა მეტაბოლიზმს აჩქარებს და ეხმარება ორგანიზმს, შედარებით მალე დაწვას დღის განმავლობაში მიღებული საკვები. თუ ძაღლი გყავთ და გარეთ სასეირნოდ გასვლა აუცილებლად გიწევთ, მაშინ თქვენს პრობლემას უფრო მალე მოაგვარებთ.
დაარეგულირეთ ძილი და ნაკლებად დაისტრესეთ
ალბათ, ფიქრობთ, ეს რჩევა როგორ დამეხმარებაო. დაგვიჯერეთ, ცდებით. არეული ძილის გრაფიკი ჩვენი ორგანიზმის პირველი მტერია. როდესაც ორგანიზმი ვერ ისვენებს და მას აკლია ძილი, კუნთები და ნერვული სისტემა ისტრესება, მაშინ კი იზრდება ჭამის მადა, შენელებულია მეტაბოლიზმი და წონაშიც უფრო მალე ვიმატებთ. დაუთმეთ დრო თქვენს თავს, დაიძინეთ სულ მცირე, 7 საათი ყოველი ღამის განმავლობაში, მოუსმინეთ მუსიკას და სტრესი მოიხსენით. ეს, წონის გარდა, ბევრ სხვა პრობლემას მოგიგვარებთ.
დაივიწყეთ საღეჭი რეზინა
საღეჭი რეზინა კუჭის მოსატყუებელი ის საშუალებაა, რომელიც ჩვენს მუცლის ცხიმს შემცირებაში უშლის ხელს. როდესაც ყბა გაუჩერებლად მოძრაობს, კუჭში კი სითხე ჩადის, ის ტყუვდება, კუჭს მიღებული სითხე საკვები ჰგონია და მას ორგანიზმში ანაწილებს, საბოლოოდ კი სითხე მუცლის ცხიმში ჯდება, დროთა განმავლობაში კი მყარ ცხიმად იქცევა. ამდენი პრობლემისგან რომ დავიცვათ თავი, დროა, შაქრით სავსე საღეჭი რეზინა საბოლოოდ წარსულს ჩავაბაროთ.
წყარო: stylecraze.com