ნათია დემეტრაშვილი ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ სოციალური მედიის მენეჯერია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჭარბი წონის პრობლემა ბავშვობიდან ჰქონდა, მაგრამ ამას თავად პრობლემად არასოდეს აღიქვამდა, არც სხვების შეგონებები „აძლევდა მოტივაციას“, რომ, თუ დაიკლებდა, უფრო ლამაზი იქნებოდა.
საბოლოოდ, როდესაც წონის დაკლების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და საკუთარი „დიეტა“ შეიმუშავა, სწორედ მას შემდეგ მიაღწია სასურველ შედეგს (თუმცა, ამბობს, რომ მიზნამდე კიდევ რამდენიმე კილოგრამია). ნათია თავის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეძლო 2 წელიწადში 53 კილოგრამის დაკლება.
- რამ და როდის განაპირობა წონის პრობლემა ან საერთოდ თუ თვლიდით პრობლემად, თუნდაც ცოტათი?
- რაც თავი მახსოვს, მსუქანი ვარ. ჩემი მშობლებისგან ვიცი, რომ როდესაც 3 წლის ვიყავი, სოფელში დასასვენებლად წასული კარგად მოპუტკუნებული ჩამოვედი და მის შემდეგ ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტს ვიმატებდი. პრობლემა, როგორც ასეთი, არ ყოფილა. მშობლები ყოველთვის აქცევდნენ ყურადღებას და უამრავი ანალიზისა და კვლევის პარალელურად, ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი, ყოველთვის ნორმაში იყო ჩემი მონაცემები. ზრდასრულობისას, როდესაც ჩემმა წონამ ზღვარი გადალახა, მაშინ შემექმნა პირველი პრობლემა, ინსულინი მქონდა ორჯერ მაღალი და უკვე წონის კლებასთან ერთად, მკურნალობაც მჭირდებოდა. სხვა მხრივ, ჭარბი წონა, როგორც პრობლემა ან კომპლექსების სათავე, ჩემთვის არასდროს ყოფილა. ყოველთვის შემეძლო სანაპიროზე გახდა, აუზზე სიარული. არ მიქმნიდა პრობლემას, ვყოფილიყავი თავდაჯერებული ურთიერთობებში და ა. შ. არც შოპინგისას ყოფილა პრობლემა, იმიტომ, რომ უბრალოდ არ მიყვარს შოპინგი და ახალი ტანსაცმელი.
- ჯანმრთელობის პრობლემის შემდეგ მიხვდით, რომ წონაში უნდა დაგეკლოთ? რით დაიწყეთ თავიდან?
- სხვათა შორის, არა. არც ჯანმრთელობის პრობლემა გამხდარა „მოტივატორი“. რამდენიმე თვე ვსვამდი შესაბამის წამალს და მერე უბრალოდ შევეშვი, იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ პერიოდში ჭამა მერჩივნა. უფრო სწორად, იმის და იმდენის ჭამა, რამდენიც და რაც მინდოდა. ვერ გეტყვით, რა გახდა „მოტივატორი“. 30 წლის ვარ და ამდენი წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ დიეტაზე, თუმცა ბოლომდე არცერთი მათგანი არ მიმიყვანია. ვიკლებდი, ვიმატებდი და ასე გრძელდებოდა წლები. ბევრიც დამიკლია და ცოტაც და შედეგიც კი ვერ მაიძულებდა ხოლმე „საქმე ბოლომდე მიმეყვანა“, იმიტომ, რომ სურვილი არ მქონია არასდროს, რომ დამეკლო.
განაგრძეთ კითხვა