ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია ინტერვალური შიმშილის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს:
„ინტერვალური შიმშილი არის კვების მოდელი, როცა ხდება შიმშილისა და კვების პერიოდების მონაცვლეობა. ინტერვალური შიმშილის სხვადასხვა სახე არსებობს, ჩვენთან კი ყველაზე გავრცელებულია 16:8 და 18:6 მოდელი.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ როცა ჩვენ 24 საათის განმავლობაში 18 საათს ვშიმშილობთ, ეს ქმნის კალორიულ დეფიციტს, რადგან ამ დროს კალორიების სიმცირის გამო შეუძლებელია წონის მომატება ან შენარჩუნება, თუმცა ასე შეიძლება არ მოხდეს, თუ ჩათვლით, რომ იმ 6 ან 8-საათიანი ფანჯრის პერიოდში ყველაფრის ჭამის უფლება გაქვთ. შესაძლოა, რომ კალორიულ სიჭარბეში ჩავარდეთ. წონაში, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვერ დაიკლებთ და შეიძლება მოიმატოთ კიდეც. ამიტომ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ კვების ამ მოდელზე გადასვლა არ გულისხმობს არაჯანსაღი საკვების მიღებას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალანსირებული და ინტერვალური კვების მეთოდები როცა ერთმანეთს შეადარეს, ინტერვალური შიმშილი უპირატესი არ აღმოჩნდა სწორედ იმის გამო, რომ მას, მსგავსად ბალანსირებული კვებისა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.
ინტერვალური შიმშილის მთავარი უპირატესობა არის მეტაბოლური გადართვა, როცა შიმშილი აიძულებს ჩვენს ორგანიზმს, რომ ენერგიის წყარო მიიღოს არა ღვიძლში დაგროვებული შაქრის მარაგისგან, არამედ ცხიმში შენახული კეტონებისგან. ეს აუმჯობესებს ორგანიზმის დამცველობით უნარს ჟანგვითი პროცესებისა და მეტაბოლური სტრესისადმი. აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ეს მოდელი დადებით გავლენას ახდენს ინსულინრეზისტენტობაზე და, ასევე, სიმსივნური დაავადებების მართვის პროცესში.
გვერდით მოვლენებს მიეკუთვნება დაღლილობა, სისუსტე, შიმშილის გრძნობა. ინტერვალური შიმშილის მოდელს უნდა მოერიდონ სხვადასხვა კვებითი აშლილობის მქონე ადამიანები, ასევე, ორსულები და მეძუძური დედები. კვების მოდელი აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ექიმთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით“.
იხილეთ ვიდეო