საახალწლო დღეები ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ყველაზე მკაცრ დიეტაზე მყოფებიც კი უარს არ ამბობენ საყვარელ კერძებზე იმ იმედით, რომ შემდეგ შიმშილობას გამოაცხადებენ და ყველაფერი რიგზე იქნება; თუმცა არ იციან, რომ ამგვარი რადიკალური ზომებით ჯანმრთელობას იზიანებენ.
ამიტომ გთავაზობთ დიეტოლოგების მიერ სპეციალურად ამ პერიოდისთვის შერჩეულ დიეტას. როგორც ამტკიცებენ, ზამთარში ის ყველაზე მისაღებია.
საუზმე - წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, გარგრის ჩირით, ცოტა თხილეულითა და თაფლით, ან 50 გრამი მოხარშული თევზი ბოსტნეულის გარნირით.
მეორე ვარიანტი - 100 გრამი ხაჭო არაჟნით, 50 გრამი შავი პური, ჩაი ან თბილი რძე.
სადილი - ბოსტნეულის სალათა ან "ვინეგრეტი" (მცენარეული ზეთით); ან ბოსტნეულის ბულიონი, 80 გრამი მოხარშული თევზი ან ხორცი (უმჯობესია ქათმის), მწვანილი, 100 გრამი პური, ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენი ან 1 ვაშლი.
ნაშუადღევს - 2 ცალი ვაშლი ან ბანანი.
ვახშამი - ბოსტნეულის ან ხილის სალათა, 50 გრამი შავი პური, ჩაი ან ჭიქა თბილი რძე.
დაძინებამდე ერთი საათით ადრე - ჭიქა ასკილის წვენი ან კეფირი და ვაშლი.
დაბოლოს, კიდევ რამდენიმე საჭირო რჩევა, ვისაც ზამთარში წონაში დაკლება სურს:
წელიწადის ამ დროს მკაცრი დიეტა არ დაიცვათ, რადგან მიღებულ შედეგს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ. ამ პერიოდში ორგანიზმი გარემოს არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლითაა დაკავებული.
ნუ ეცდებით, ბოლომდე შეჭამოთ ყველაფერი, რაც მშიერმა თეფშზე გადმოიღეთ.
ყოველთვის გახსოვდეთ, სჯობს ჭამოთ ხშირად და ცოტა, ვიდრე იშვიათად და ბევრი.
ნუ შეიძენთ პროდუქტებს, რომლებიც კალორიების გარდა, არაფერს შეიცავს - ჩიპსებს, გაზიან სასმელებს, ნამცხვრებს.
კვირაში 1 კგ-ზე მეტი არ დაიკლოთ, რადგან სწრაფად დაკლების პერიოდში ორგანიზმი წყალს, ნახირწყლებსა და კუნთოვან ქსოვილს კარგავს და არა ცხიმს, რომელიც ასეთ პირობებში გაცილებით აქტიურად იწყებს დაგროვებას.
მხოლოდ ხილ-ბოსტნეულის დიეტამ შეიძლება ავიტამინოზი გამოიწვიოს, რადგან A და B2 ვიტამინი, ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია. რაციონიდან ცხიმის მთლიანად გამორიცხვა კიდევ იმიტომ არ შეიძლება, რომ ბევრი ვიტამინი მხოლოდ ცხიმში იხსნება. ამასთან, რამდენიმე სასარგებლო ცხიმი, რომელსაც მხოლოდ თევზეული და თხილეული შეიცავს, დანაყრების შეგრძნებას ახანგრძლივებს.
ითვალეთ კალორიები. თუ დღეში 800 კალორიაზე ნაკლებს იღებთ, ზამთარში ეს ორგანიზმისთვის საშიშია.
თუ 20 კილოზე მეტი ჭარბი წონა გაქვთ, გახდომის პროცესი აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.
რაც უფრო ხშირად იცავთ დიეტას, შემდეგ კი ისევ სუქდებით, მით დიდია შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)