გსმენიათ ასეთი – დიეტა ბამბის ტამპონებით? ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიეტაა მოდელებში, მაგრამ ძალიან საშიში.
საქმე ეხება ჩვეულებრივ ბამბის ბურთებს თუ ტამპონებს, რომლებიც ნებისმიერ სუპერმარკეტსა თუ აფთიაქში იყიდება და რომლებიც მაკიაჟის ჩამოსაშორებლად და პირადი ჰიგიენისთვის გამოიყენება.
რაში მდგომარეობს დიეტის არსი? იდეა მარტივია: ერთჯერადად მიირთმევთ დაახლოებით ხუთ ცალ ბამბის ტამპონს, რომელიც ფორთოხლის წვენში, ლიმონათსა თუ კოქტეილშია დასველებული. რომელ სითხეს აირჩევთ ბამბის ტამპონის გასაჯერებლად – პრინციპული არ არის, ეს, უბრალოდ, ბამბის ტამპონის ადვილად გადაყლაპვაში გეხმარებათ.
არსებობენ მოდელები, რომლებიც ამ მეთოდს იმისათვის მიმართავენ, რომ შეამცირონ კვების ჩვეული რაციონი, მაგრამ ზოგიერთი აჭარბებს და კვებას მთლიანად ბამბის ტამპონების ყლაპვით ცვლის.
დილეტანტიც კი მიხვდება, რომ ეს დიეტა უკიდურესად საშიშია. თუმცა მოდელები, რომლებიც შეპყრობილები არიან გახდომის სურვილით, არ ცნობენ არანაირ უსაფრთხოებას. მათთვის მთავარია შედეგი, ის კი ნამდვილად არის, თანაც არსებითი. აბა, რა იქნება! წარმოიდგინეთ, მაკარონისა და პიცის ნაცვლად, იღებთ ქსოვილურ ნივთიერებას, რომელიც მთლიანად ასუფთავებს ორგანიზმს, თანაც ატყუებს მას, თითქოს მიიღო საკვები, რის შედეგადაც ორგანიზმი გამოჰყოფს ფერმენტებს და კუჭის წვენს, რომლისთვისაც დიდი ენერგია იხარჯება და შესაბამისად კი, კალორიები იწვება.
ფარული საფრთხე
ეს დიეტა ადამიანის ორგანიზმისთვის მომწამვლელია. ბამბის ტამპონების უმეტესობა მავნებელ ნივთიერებებს შეიცავს. ნამდვილი ბამბის შემადგენლობით ტამპონები ძალიან ძვირი ეღირებოდა. ამიტომაც მარკეტებსა და აფთიაქებში იყიდება ტამპონები, რომლებიც დიდი რაოდენობით პესტიციდებსა და სხვა სინთეტიკურ ნივთიერებებს შეიცავს.
მეორე სერიოზული საფრთხე, რომელზეც ექიმები მიუთითებენ, არის გადაყლაპვის დროს დახრჩობის რისკი.
მაგრამ ყველაზე სახიფათო მაინც საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის დაბლოკვაა, რომელიც შესაძლოა, გამოიწვიოს ამ უცნაურმა დიეტამ. გამოსავალი კი ამ დროს მხოლოდ რთული ქირურგიული ჩარევაა.
ერთ-ერთმა სპეციალისტმა ბამბის ტამპონების დიეტა "რუსულ რულეტსაც" შეადარა: ან გახდებით, ან ჯანმრთელობას, უარეს შემთხვევაში კი, სიცოცხლეს დაემშვიდობებით.
უკუჩვენება
გახდომის სურვილით შეპყრობილი გოგონები თითქმის ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიონ და "საოცნებო სამუშაო" იშოვონ. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესებაც არ აჩერებთ. ამ დიეტის მიმდევრები არ აქცევენ ყურადღებას, რომ ნელ-ნელა ენერგია ეცლებათ, სუსტდებიან, კარგავენ ორიენტაციას, ეწყებათ ანემია, თმის ცვენა, კანის სიმშრალე. მედიკოსები იმასაც ირწმუნებიან, რომ ასეთი დიეტის დაცვის შემდეგ პაციენტებს აღენიშნებათ ძირითადი ორგანოების უკმარისობა, რაც სიკვდილს იწვევს.