დღე პირველი
ჩემმა ცოლმა ჩაიცვა ჯინსი, რომლითაც მეათე კლასში დადიოდა. ძლივს შეიკრა. ჩემს მოკრძალებულ შენიშვნაზე, რომ ის ბოლო ხუთი წელია, ამ ჯინსს დაწოლილ მდგომარეობაში იცვამდა, სახეში სილა მივიღე და რისთვის?! გაუგებარია...
დღე მეორე
ვფიქრობ, ის ნელ-ნელა გიჟდება. კარგი, გახდეს, მაგრამ ჩვენ რას გვერჩის? ვახშამზე მთელი ოჯახი რაღაც საშინელებას – უმარილო ბრინჯის მაგვარს ვჭამდით. ეს სიდედრიც რომ ამხნევებს?!
დღე მესამე
სამსახურში კი არ მივდიოდი, მივრბოდი. შესვენებას და სადილის დროს ღვთის საჩუქარივით ველოდი. კოლეგებს აშკარად ვეცოდებოდი. ვიღაც ხუმრობდა: "შენ რა, ცოლი სახლში არ გაჭმევს?!" საღამოს სიმამრმა ქალებს ნორმალური ვახშამი მოსთხოვა. მას სტაფილოს რაგუ მიართვეს. ბავშვიც როგორ სათავისოთ გამოზარდეს, კმაყოფილია საჭმლით.
დღე მეოთხე
კატამ გარეთ გასვლა მოითხოვა. ეჭვი მაქვს, რომ სხვა კატებთან არა. საწყალი, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ისიც დიეტური პროდუქტებით იკვებება. ქუჩაში კი მოიპოვება ნამდვილი და არა სოიოს ხორცი.
დღე მეხუთე
სიდედრი მაინც ადამიანია. მოახერხა და სახლში როგორღაც შემოაპარა ერთი მუჭა კანფეტი. არასოდეს დავივიწყებ მისგან ამ პატივისცემას. სადამდე მიმიყვანეს, სიდედრის მადლობელი ვარ.
დღე მეექვსე
მომბეზრდა ყველაფერი. შევეცადე, საყვარელი მეუღლისთვის ამეხსნა, რომ კაცს სრულფასოვანი კვება სჭირდება, სხვაგვარად მას არაფრისთვის აღარ დარჩება ძალა. ვერ გავაგებინე.
დღე მეშვიდე
ვაშაა, პარასკევია! სამსახურის შემდეგ შემწვარი კარტოფილი გვექნება სოსისებით და არანაირი მოხარშული ბოსტნეული! უცებ დამაბრუნეს ციდან ცოდვილ მიწაზე: "საყვარელო, დღეს ადრე მოხვალ სახლში? სარეცხის მანქანა უნდა მოიტანონ..."
საღამოს სიდედრი აბაზანის შესასვლელში მელოდა და ჩუმად ჩამიცურა ჯიბეში ბეკონიანი ბუტერბროდი. ლამის ცრემლები წამომცვივდა და აღმომხდა: "გმადლობ, დედა". აი, გმირი ქალი. ან სად ჰქონდა გადამალული?
დღე მერვე
ყველაფერი დამთავრდა. კატამ აივანზე სიდედრის სამალავს მიაგნო. ღამით მესმოდა, როგორ კრუტუნებდა სიამოვნებისგან ბეკონის კბილებით ძიძგნისას. შემეშინდა ადგომა და მასთან მისვლა, რომ წამერთმია. გაუნძრევლად ვიწექი და მშიერი შურისგან ვსკდებოდი.
დღე მეცხრე
სტუმარი გვეწვია - ჩემი ცოლის დაქალი ტორტით. ის გულწრფელად გაოცდა, როცა ყაბაყის ბლინები შესთავაზეს ყავასთან. ცოლს დიდხანს ელაპარაკა სათბურის ყაბაყის მავნებლობაზე. როგორ არ ვაფასებდი აქამდე ამ სათნო, საყვარელ ჭორიკანას და სკანდალების მოყვარულ გოგოს. თუმცა სიხარული ჯერ ადრე იყო. მან უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა ჩემს ცოლს მიუბრუნდა და უთხრა: "ძვირფასო, როგორ გამხდარხარ..."
დღე მეათე
როგორც ჩანს, ქარიშხალი გვიახლოვდება. ჩემმა ცოლმა გარდერობიდან სწორედ ის დაწყევლილი ჯინსები გამოიღო და... ის თავისუფლად შეეკრა! უცნაურია, დავიფიცებ, რომ მას ერთი სანტიმეტრიც არ მოუკლია (პარადოქსია, არა?! ოჯახში ყველა გახდა, ჩემი ცოლის გარდა). და უცებ გონება გამინათდა – გაუმარჯოს საკერავ მანქანას და სიდედრის ოქროს ხელებს! "ეტალონი" ჯინსები კი გადავმალე, იქ, სადაც მხოლოდ კატა მიაგნებს, ის კი ვერანაირი კრუტუნით ვერ გამცემს.