მარწყვის კეთილშობილური წარმომავლობა ამერიკას უკავშირდება. ევროპის ბაღებში ის მე-17 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა პირველი კოლონისტების წყალობით. ფრანგმა გურმანებმა კი მარწყვს აფროდიზიაკის სტატუსი გამოჩენისთანავე მიანიჭეს.
მარწყვი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინით, კვებითი ღირებულების მქონე ნივთიერებებითა და მინერალებით. ფოლიუმის მჟავას შემცველობის მიხედვით, მას ბადალი არ ჰყავს კენკროვანებში.
მარწყვი ვიტამინ C-ს არაჩვეულებრივი წყაროა, რაც ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას, იმუნიტეტის გაძლიერება-შენარჩუნებას; ასევე, მარწყვი ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაცაა. 100 გრ მარწყვი დაახლოებით 100 მგ ვიტამინ C-ს შეიცავს.
მარწყვის არომატული, ტკბილი ნაყოფი არა მარტო გასტრონომიული თვალსაზრისითაა სასარგებლო, არამედ ანტისეპტიკური თვისებებიც აქვს. მაგალითად, როდესაც მარწყვით პირს ვიტკბარუნებთ, პირის ღრუში ანთებითი პროცესების წარმოქმნის რისკი მცირდება.
მარწყვი მშვენიერი ანტიდეპრესანტია. 150 გრ კენკრა კმარა იმისათვის, რომ განწყობა აიმაღლოთ. დაბალკალორიულობის გამო ძალიან პოპულარულია მარწყვის დიეტები. თუ წონაში დაკლება გსურთ, მიირთვით მარწყვი კეფირთან ერთად. თუმცა არსებობს უკუჩვენებებიც: მარწყვის მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის დროს და მაშინ, თუ ალერგიისკენ ხართ მიდრეკილი.
კენკრის დიეტა: მინუს 3 კგ მხოლოდ 4 დღეში!
პირველი დღე
პირველი საუზმე: ხილის სალათა (მარწყვი, ვაშლი, ბანანი) ნატურალური იოგურტით.
მეორე საუზმე: მარწყვიანი რძე (100 გრ მარწყვი, 100 გრ რძე და 50 მლ მინერალური წყალი ათქვიფეთ მიქსერით).
სადილი: სალათა (მარწყვი, კიტრი, შემწვარი ქათმის მკერდის ნაჭერი), მოასხით ლიმონის წვენი.
ვახშამი: სალათა (მოხარშული კარტოფილი, ხახვი, ნიახური, მარწყვი, 50 გრ უცხიმო ხაჭო), შეაზავეთ ნატურალური იოგურტით.
მეორე დღე
პირველი საუზმე: 2 ცალ ხრაშუნა პურს წაუსვით 50 გრ ცხიმიანი ხაჭო, ზემოდან დაადეთ დაჭრილი მარწყვი.
მეორე საუზმე: მოამზადეთ კოქტეილი 150 გრ მარწყვის, 50 გრ ნატურალური იოგურტისა და 100 მლ ანანასის უშაქრო წვენისგან.
სადილი: მარწყვის დო (150 გრ მარწყვი, 150 მლ შრატი და 1 ჩ/კ თაფლი).
ვახშამი: მოამზადეთ სალათა მწვანე სალათის ფურცლების, ყვითელი ბულგარული წიწაკის, პომიდვრისა და 100 გრ მარწყვისგან. მოასხით ნატურალური იოგურტი და 2 ს/კ ლიმონის წვენი. მიაყოლეთ 2 ნაჭერი ხრაშუნა პური.
მესამე დღე
პირველი საუზმე: მოამზადეთ პიურე. კარგად აურიეთ ერთმანეთში მარწყვი, ტკბილი რძის შრატი, 1 ს/კ კონცენტრირებული ვაშლის წვენი, 100 გრ ხაჭო და ბანანი.
მეორე საუზმე: მარწყვის კეფირი (150 გრ მარწყვი, 150 მლ უცხიმო კეფირი და 1 ჩ/კ თაფლი).
სადილი: მოამზადეთ სალათა ნესვის რბილობის, მარწყვისა და ქათმის ბარკლისგან, მოასხით ზეითუნის ზეთი.
სამხარი: აურიეთ ერთმანეთში მარწყვი, 150 მლ ფორთოხლის წვენი და 1 ჩ/კ თაფლი.
ვახშამი: მოამზადეთ ბოსტნეულის რაგუ კარტოფილის, სტაფილოსა და ყვავილოვანი კომბოსტოსგან + 2 ნაჭერი ტოსტი.
მეოთხე დღე
პირველი საუზმე: 2 ხრაშუნა პური, ყველი და მარწყვი.
მეორე საუზმე: დაჭერით მარწყვი, ვაშლი, ფორთოხალი და დაუმატეთ რძის შრატი თაფლით.
სადილი: მოხარშული ვირთევზა და მარწყვის, მწვანე სალათისა და მწვანე ხახვისგან მომზადებული სალათა. შეაზავეთ ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.
სამხარი: 300 გრ მარწყვს დაასხით წყლის, ლიმონის წვენისა და 1 ჩ/კ თაფლის ნაზავი.
ვახშამი: ნატურალური იოგურტით შეზავებული სალათა (მარწყვი, 50 გრ ხაჭო, სტაფილო, ნიახური, ტკბილი წიწაკა).
თათია ბეჟიტაშვილი
ჟურნალი "...და ქალი" (მაისის ნომერი)