ხაჭოს დიეტა - დიეტოლოგებმა ხაჭოს დიეტას გახდომის ყველაზე "დანაყრებული" მეთოდი შეარქვეს.
იგი ძალიან კომფორტული დასაცველია, რადგან შიმშილის გრძნობა საერთოდ არ გაწუხებთ. ალბათ, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ხაჭო ერთ-ერთი საუკეთესო დიეტური პროდუქტია. 100 გრამი 70-იდან (უცხიმო) 250 (სოფლის) კკლ-მდე შეიცავს. ხაჭოს დიეტის დროს შეამცირებთ კალორიების მიღებას და ხელს შეუწყობთ ზედმეტი კილოგრამების წვას. ამასთანავე, იგი მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, მინერალებით (განსაკუთრებით, კალიუმითა და კალციუმით) და ამინომჟავებით.
ხაჭო-მაწვნის დიეტა
ხაჭოს დიეტის დროს უნდა მიიღოთ 300-დან 500 გრამ ხაჭომდე და 2 ქილა მაწონი (1 ლიტრი) დღეში. საკვები ხუთ ნაწილად უნდა დაყოთ და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. თითო პორცია უნდა შეადგენდეს: 60-100 გრამ ხაჭოს და 1 ჭიქა (200 გრ) მაწონს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ წყალი (არანაკლებ 3 ლიტრისა დღეში), უშაქრო ყავა და ჩაი. ხაჭო-მაწვნის დიეტა თვეში ერთხელ 3-დან 5 დღემდე უნდა დაიცვათ.
ხაჭო-ვაშლის დიეტა
გახდომის გარდა, ამ დიეტით კუჭ-ნაწლავსაც გაისუფთავებთ. მოიმარაგეთ 300 გრამი ხაჭო და 5 ცალი ვაშლი (ერთი დღისთვის). დღეში სამჯერ მიირთვით 100 გრამი ხაჭო და თითო ვაშლი. უმჯობესია, ვაშლი იყოს გამომცხვარი. დარჩენილი ვაშლი ჭამის შუალედებში წასახემსებლად გამოგადგებათ. წყალი სვით ისევე, როგორც პირველ დიეტაშია მითითებული. დიეტის ხანგრძლივობაა 3 დღე.
ხაჭოსა და ხილის დიეტა
გასახდომად სასურველი ხილია: ანანასი, გრეიპფრუტი, ვაშლი, ფორთოხალი. დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1 კილო ხილი (შეგიძლიათ მოამზადოთ მისგან სალათა, კოქტეილი) და 300 გრამი ხაჭო (დღეში). დიეტის ხანგრძლივობაა 5-დან 7 დღემდე. წყალი სვით ისევე, როგორც პირველ დიეტაშია მითითებული.
ხაჭო-ბანანის დიეტა
ნოყიერი და გემრიელი დიეტა განკუთვნილია აქტიური ადამიანებისთვის. იგი მდიდარია კალიუმით, მაგრამ ნაკლები ცხიმით. ამიტომ ხაჭო-ბანანის დიეტა იდეალურია გახდომისთვის. ერთი დღისთვის დაგჭირდებათ: 500 გრამი ხაჭო და საშუალო ზომის 6 ცალი ბანანი. დიეტის ხანგრძლივობაა 4 დღე. წყალი სვით ისევე, როგორც პირველ დიეტაშია მითითებული.