საკმარისია, დღეში რამდენიმე წუთი ვარჯიშს დაუთმოთ და აუცილებლად შეატყობთ, რომ სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს ხართ.
ჩვენი ამოცანა მუცლის კუნთების გამაგრებაა. ეს ზედმეტი კილოგრამების დაგდებაში ნაკლებად დაგეხმარებათ, მაგრამ სამაგიეროდ, მუცელი ბევრად უფრო ბრტყელი და მიმზიდველი გახდება. მუცლის კუნთების რეგულარული ვარჯიშები ცხიმის დაწვაშიც დაგეხმარებათ:
1. დაწექით იატაკზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხელები თავქვეშ ამოიდეთ. აზიდეთ სხეული ისე, რომ წელი არ მოშორდეს იატაკს. სასურველია, ეს ვარჯიში დღეში სამჯერ გააკეთოთ (თითო ჯერზე 25 მოძრაობა).
2. დაწექით ზურგზე, ხელები დუნდულების ქვეშ ამოიდეთ. ფეხები გაასწორეთ, შეატყუპეთ და ასწიეთ ისე, რომ კუთხე ფეხებს და იატაკს შორის დაახლოებით 45 გრადუსს შეადგენდეს. ეს ვარჯიში შეიძლება გააკეთოთ დღეში ერთხელ ( 50 მოძრაობა) ან სამჯერ: პირველ და მეორე ჯერზე 20-20-ჯერ და მესამედ - 10-ჯერ.
3. დაწექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ, ხელები თავქვეშ ამოიდეთ. შემდეგ ასწიეთ ფეხები ისე, რომ ფეხებსა და მუცელს შორის სწორი კუთხე შეიქმნას, მოხრილი მუხლებიც სწორ კუთხეს უნდა ქმნიდეს.
4. დაწექით იატაკზე, მუხლები მოხარეთ, თითები გადააჯვარედინეთ და უკან გადასწიეთ. მთელი სხეულით გადაიხარეთ მუხლების მიმართულებით, შეეხეთ მუხლებს მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა იდაყვით. ამ ვარჯიშის შედეგად მაგრდება მუცლის გვერდითი კუნთები და მცირდება წელის გარშემოწერილობა.
რეკომენდაციები
• მიირთვით დღეში რამდენჯერმე მცირე ულუფებით, აუცილებლად ისაუზმეთ. თქვენი რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით (კვერცხი, ქათამი, უცხიმო თევზი) და ნახშირწყლებით ( ბრინჯი, წიწიბურა). მიიღეთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული, ხილი.
• გახდომის მიზნით ნუ იშიმშილებთ. ეს სწევს სისხლში შაქრის დონეს. ამ ფონზე შეიძლება ზედმეტად ბევრი საკვები მიიღოთ ერთ ჯერზე.
• დილით, უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. შეგიძლიათ წყალში რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი დაუმატოთ. აუცილებელია დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა. ძალიან კარგ შედეგს იძლევა მწვანე ჩაი. გარდა იმისა, რომ ის ძალიან სასარგებლოა და წონის კორექციაში გვეხმარება, მწვანე ჩაი სისხლში შაქრის დონესაც არეგულირებს და მადას აქვეითებს.
• თავი შეიკავეთ ცომეულის მირთმევისგან. უპირატესობა დაღერღილი მარცვლისგან გამომცხვარ პურს მიანიჭეთ.
• ამოიღეთ რაციონიდან ტკბილეული. მის ნაცვლად ხილი მიირთვით. შეიძლება 1-2 ნატეხი შავი შოკოლადიც.
• მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილის მოხმარება, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარში. მარილი აკავებს სითხეს ორგანიზმში და მუცლის შებერვას იწვევს.
• მიირთვით მშვიდ გარემოში და აუჩქარებლად. ლუკმა კარგად დაღეჭეთ, მხოლოდ ასე შეძლებთ საჭმლის მონელების გაუმჯობესებას.
• აკონტროლეთ მადა. ქალის საკვების თითო ულუფა 200 კალორიას არ უნდა აღემატებოდეს.
ჟურნალი "კაცი და ქალი" (ივლისის ნომერი)
ასევე იხილეთ:
სუპერმეთოდი: მუცლის მოშორება ერთი ძაფის მეშვეობით, დამქანცველი ვარჯიშის გარეშე