დღეს, როცა ცხოვრება და მით უმეტეს, შვილების გაზრდა არცთუ ისე მარტივი საქმეა, ოჯახის დაგეგმვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ არახელსაყრელ დროს არასასურველი ორსულობა, თანამედროვე მედიცინა სხვადასხვა სახის კონტრაცეფციას გვთავაზობს. მთავარია, შევარჩიოთ თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი სპეციალისტი და მივყვეთ მის მითითებებს. ერთ-ერთი ასეთი მეან-გინეკოლოგი ნუნუკა გელაშვილი გახლავთ, რომელიც "ჯანმრთელობის სახლში" მუშაობს. სწორედ ის გვესაუბრა ამომწურავად არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის გზებზე.
- არსებობს კონტრაცეფციის რამდენიმე სახე. ესაა ბარიერული კონტრაცეფცია - კონდომები როგორც მამაკაცის, ასევე ქალის, და სპერმიციდები - საშოს ტაბლეტები, გელი ან სანთელი, რომელიც იწვევს სპერმატოზოიდის აქტიურობის დაქვეითებას ან მათ დახოცვას, ან ხელს უშლის მის შეღწევას საშვილოსნოს ღრუში და ამით ხდება დაცვა.
თავდაპირველად, განვიხილოთ ბარიერული კონტრაცეფცია. არსებობს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის კონდომები. ქალებისთვის ასევე არსებობს დიაფრაგმა, რაც გამოსაყენებლად ცოტა უხერხულია და დიდად არ უყვართ ხოლმე ქალებს მისი მოხმარება. მამაკაცის კონდომი უფრო მარტივად გამოსაყენებელია. კონტრაცეფციის ეს მეთოდები ყველაზე უფრო უსაფრთხოა, იმდენად, რამდენადაც არ შეიცავს არანაირ მედიკამენტს. ამასთან, უპირატესობად ითვლება ის, რომ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაცვაც. აღსანიშნავია, რომ იშვიათად, თუმცა იჩენს თავს ალერგია იმ საცხზე, რომელიც უშუალოდ კონდომს გააჩნია და ესაა უხერხულობა. კონდომითა და დიაფრაგმით დაცვა საკმაოდ მაღალპროცენტიანია, ოღონდ უნდა მიექცეს ყურადღება, რომ კონდომი დაბალი ხარისხის არ იყოს, ვადა არ ჰქონდეს გასული, რომ მოხმარების დროს არ დაზიანდეს.
რაც შეეხება სპერმიციდულ აბებსა და გელებს, ისინი თავსდება საშოში, უსაფრთხოა, რადგან არ იწოვება, თუმცა ადგილობრივი გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები ამასაც შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ყურადსაღებია ის, რომ დაცვა არაა ისეთივე მაღალი, როგორც პერორალური ტაბლეტების დროს.
გარდა ზემოხსენებულისა, არსებობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა. უნდა დადგინდეს ოვულაციის პერიოდი (დრო, როცა მწიფდება კვერცხუჯრედი და შეიძლება მოხდეს სპერმასთან შეხვედრა) და ამ დროს უნდა მოხდეს თავის შეკავება სექსუალური კონტაქტისგან. ბუნებრივი მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან არანაირ მედიკამენტს არ ვეხებით, მაგრამ რომ გამოვითვალოთ ოვულაციის პერიოდი, უნდა მოხდეს დააახლოებით 6-თვიანი დაკვირვება ციკლზე. ეს თვითონ ქალმა უნდა გააკეთოს იმ მეთოდებით, რომლებსაც ვასწავლით ხოლმე. პროცესი ხანგრძლივია და თავშეკავებაც ასევეა საჭირო. კონტრაცეფციის ამ გზით ორსულობისგან დაცვა იმაზე დაბალი ხარისხისაა, ვიდრე ვთქვათ, კონდომის გამოყენებისას, რადგან ზუსტად შეიძლება, მაინც არ მოხდეს გამოთვლა.
ასევე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის მეთოდი – ეს გახლავთ პროგესტენული აბები, რომელიც ქალბატონმა უნდა მიიღოს დაუცველი სექსიდან 72 საათის განმავლობაში, თუმცა არსებობს დაბალდოზიანიც, რომლის დალევაც 24 საათშიც დასაშვებია. განაგრძეთ კითხვა