მსოფლიოში დამკვიდრებული სილამაზის სტანდარტების გამო ქალებს უამრავი მტკივნეული და ხანდახან ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროცედურის ჩატარება უწევთ, მათ შორის - ეპილაციის, რომელსაც ხშირად უკუჩვენებებიც ახლავს.
ამის მაგალითია 28 წლის ნინის შემთხვევა, რომელიც ლაზერული ეპილაციის შედეგად ერთ ხელზე მიღებულ დაზიანებებს უკავშირდება. როგორც გოგონა ირწმუნება, მსგავსი მანიპულაცია პირველად ჩაიტარა, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში კი მისი ზაფხულიდან შემორჩენილი ნამზეური არ გაითვალისწინეს და ცალ კიდურზე მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა ამავე დაზიანებას თვითონ ცენტრი ალერგიულ დერმატიტს უწოდებს და განმარტავს, რომ ყველა ადამიანის ორგანიზმს პროცედურაზე განსხვავებული რეაქცია შეიძლება ჰქონდეს.
რეალურად, როდის უნდა შევიკავოთ თავი ეპილაციისგან და რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს მას? - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს დერმატოლოგი ციცნა ბენდელიანი ესაუბრა.
მედიკოსის რჩევით, სანამ ნებისმიერი ტიპის ეპილაციის გაკეთებას გადავწყვეტთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს მივმართავთ, რადგან არასწორად ჩატარებულმა ეპილაციამ, იქნება ეს ლაზერით, ნემსითა თუ სხვა საშუალებით, შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა, შედეგად კი, ნაწიბურების დარჩენის ალბათობა მაღალია. ასევე, არასწორად ჩატარებული პროცედურის შედეგად, შეიძლება თმის ფოლიკული დაზიანდეს, რაც ფოლიკულიტს (თმის ფოლიკულის არხის ზედა ნაწილის ანთება) იწვევს. ფოლიკულიტი ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც, თავდაპირველად, ფოლიკულის არხში ჩნდება პაპულა, შემდეგ პუსტულა - ცენტრში თმის ღერით. მომდევნო ეტაპია ეროზია და ბოლოს ჩნდება ქერქი.
ციცნა ბენდელიანი ასევე რეკომენდაციებს გვთავაზობს, თუ რა შემთხვევაში უნდა შევიკავოთ თავი ეპილაციისგან:
"ფეხმძიმობის პერიოდში ეპილაციის გაკეთება რეკომენდებული არ არის. ასევე, ეპილაციამდე რუჯი მინიმუმ ორი კვირით ადრე უნდა გვქონდეს მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ სანამ ეპილაციას გაიკეთებთ, სამი დღით ადრე, იმ ზონებში, სადაც მანიპულაციის ჩატარებას გეგმავთ, არ უნდა გქონდეთ წასმული სპირტის შემცველი ხსნარები და ამავე დროის მონაკვეთში ანტიბიოტიკები არ უნდა გქონდეთ მიღებული", - განმარტავს ციცნა ბენდელიანი. გაგრძელება